უნივერსიტეტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ეწვია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ალექსანდრე ჯეჯელავამ უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან, რექტორის მოადგილესთან ნათია წიკლაშვილთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ჯემალ ანანიძესთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა. უწყების პირველმა პირმა ყურადღება გაამახვილა ერთობლივი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მნიშვნელობაზე, უმაღლესი განათლების დაფინანსების წესის შეცვლაზე, ქართველი მეცნიერების მიღწევებსა და პროფესიულ პროგრამებზე. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და მინისტრმა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შეკითხვებს უპასუხა.