პროფესორ კარლ კასერს ბსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

სურათი

გრაცის უნივერსიტეტის ისტორიისა და ანთროპოლოგიის პროფესორს, ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ფილოსოფიის დოქტორს კარლ კასერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. პროფესორ კარლ კასერს დიდი წვლილი მიუძღვის უნივერსიტეტის განვითარებასა და მომავალი თაობების აღზრდაში. ცნობილი მეცნიერის სახელს უკავშირდება ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ვიზუალური ანთროპოლოგიის განვითარება და ბსუ-ში ამ მიმართულებით კვლევების ჩატარება. მკვლევარი არის 11 მნიშვნელოვანი მონოგრაფიისა და მრავალი სამეცნიერო სტატიის  ავტორი.

პროფესორი კარლ კასერი 1980 წლიდან დღემდე, გრაცის უნივერსიტეტში კითხულობს  ლექციებს ისტორიასა და ვიზუალურ ანთროპოლოგიაში. მკვლევარმა 1985 წელს დაამთავრა  ასპირანტურა  სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის მიმართულებით და 1996 წელს გახდა გრაცის უნივერსიტეტის ისტორიისა და ანთროპოლოგიის სრული პროფესორი. იგი 1991 წლიდან არის მინესოტის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი და სისტემატურად კითხულობს ლექციებს ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში.

პროფესორი კარლ კასერი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 2011 წლიდან თანამშრომლობს. ბულგარეთის სამხრეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად, მან მიიწვია ბსუ-ს პროფესორები: თამაზ ფუტკარაძე, კახაბერ სურგულაძე და მარინა აროშიძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევით პროექტში, მეშვიდე ჩარჩო პროგრამის ფარგლებში კულტურული მეხსიერების შესასწავლად. მკვლევარები მუშაობდნენ 1877-1878 წლების რუსულ-თურქული ომის  პერიოდზე.  2012-2016 წლებში სამეცნიერო პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღეს ჰუმანიტარულ ფაკულტეტის რვა პროფესორმა და ლინგვისტიკის სადოქტორო პროგრამის სტუდენტებმა (რუსუდან თურმანიძე, ელენე ხაჯიშვილი, ხათუნა ბოლქვაძე, ვეფხვია ხალვაში და სხვ.) მათ მიეცათ საშუალება ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში (ავსტრიაში, ბულგარეთში) კვლევების ჩატარების. კულტურული მეხსიერების მიმართულებით განხორციელებული კვლევების საფუძველზე  დაცულია ოთხი სადოქტორო ნაშრომი.

2016 წელს კარლ კასერის ხელმძღვანელობით დაიწყო მუშაობა საერთაშორისო სამეცნიერო გუნდმა, რომელშიც  მოწვეული იყვნენ ბსუ-ს პროფესორები მარინე აროშიძე და თამაზ ფუტკარაძე. მათ მიერ შემუშავებული საგრანტო პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის მიერ, „ჰორიზონტ 2020-ის“ მარი კიური-სკლადოვსკას ფონდის ფარგლებში.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა