ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით დაბადებიდან 65 წლის იუბილეს ულოცავს ქართული მეცნიერების გამორჩეულ მოღვაწეს და მკვლევარს, ბსუ-ს ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს, ივანე ჯავახიშვილის პრემიის ლაურეატს, მომავალი თაობების ღირსეულ მოძღვარს, პროფესორ მამია ფაღავას.
მამია ფაღავას ღვაწლი და დამსახურება გამორჩეულია ჩვენი სამშობლოსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე. იგი არაერთი თაობის აღმზრდელი და მასწავლებელია, მისი სამეცნიერო ნაშრომები ქართველოლოგიაში ერთ-ერთი მთავარი და ფუნდამენტური წყაროა ისტორიული სამხრეთ საქართველოს, მეტადრე, ჭოროხის აუზის შესწავლისას. მამია ფაღავას სამეცნიერო მოღვაწეობა, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებში, უკავშირდება ბსუ-ს ქართველოლოგიის ცენტრს. ის არის ცენტრის კოორდინატორი; ავტორი, სამეცნიერო ხელმძღვანელი, ძირითადი პერსონალი... მრავალი კომპლექსური სამეცნიერო პროექტისა; ამავდროულად იგი მუდმივმოქმედი სამეცნიერო ექსპედიციის ხელმძღვანელია; 1995 წლიდან დღემდე, ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებით, განხორციელდა ორმოცამდე ექსპედიცია. მასშტაბური საველე სამუშაოები ჩატარდა როგორც ჭოროხის აუზსა და ლაზეთში, ასევე თურქეთის შიდა პროვინციებში.
ქართველოლოგიის ცენტრის საქმიანობის მასშტაბზე მიუთითებს კომპლექსური მონოგრაფიები: „შავშეთი“ (2011 წ.), „კლარჯეთი“ (2016 წ.), „სარფი“(2015 წ.), „ტაო“ (2020 წ.), „მარადიდი(2020 წ.)“, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მამია ფაღავას წიგნები: „შავშური ჩანაწერები“ (2011 წ.), „მუჰაჯირთა შთამომავლებთან“(2016 წ.), „კლარჯული ჩანაწერები“ (2017 წ.) და მრავალი სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრში დღემდე ჩატარდა 20 სამეცნიერო კონფერენცია და გამოიცა „კრებულის“ 13 ტომი. 2018 წელს პროფ. მამია ფაღავას, კოლეგებთან ერთად, კომპლექსური მონოგრაფიისთვის „კლარჯეთი“ მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია.
უდავოდ გამორჩეულია მამია ფაღავას, როგორც პროფესორის, მკვლევრის, მოღვაწის... როლი თაობათა პროფესიულ ბიოგრაფიაში. მისი საუნივერსიტეტო ცხოვრების ყველა ნაბიჯი უნივერსიტეტის სიყვარულით არის ნაკარნახევი და შეჯერებულია მრავალწლიან პედაგოგიურ, სამეცნიერო და საორგანიზაციო მუშაობის გამოცდილებასთან... წლების განმავლობაში მამია ფაღავა იყო ან/და არის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტის დირექტორი, ქართული ენის კათედრის გამგე, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის, ლინგვისტიკის სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელი; მისი ხელმძღვანელობით არაერთმა დოქტორანტმა დაიცვა დისერტაცია, არაერთმა სტუდენტმა წარმატებით დაასრულა მაგისტრატურა თუ ბაკალავრიატი...
სამოცდახუთი წელი, უპირველესად, საპატიო ტვირთია მომავლი ცხოვრებისა და მოღვაწეობისთვის. დღეგრძელობას ვუსურვებთ პროფესორ მამია ფაღავას, ჯანმრთელობას, მრავალ ახალ შემოქმედებით წარმატებას და უშრეტ ენერგიას მამულის საკეთილდღეოდ!
უკან |