პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ჩატარდა ვებინარი თემაზე: „ერთად ვებრძოლოთ პლაგიატს“. პლაგიატის შესახებ ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრის გარდა, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს პლაგიატის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე, ბსუ-ს მიერ შემუშავებულ რეგულაციებსა და აკადემიური წერის სასწავლო კურსის მოდიფიცირების აუცილებლობაზე. ვებინარის ფარგლებში ჩატარებულ ვიქტორინაში მონაწილეობა მიიღეს როგორც სტუდენტებმა, ასევე პროფესორ-მასწავლებლებმა. შეხვედრაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს სტუდენტებმა, რომლებმაც პროგრამის Turnitin გამოყენების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს. აღნიშნული პროგრამის გამოყენება ბსუ-მ ,,ერაზმუს+“-ის პროექტის ,,აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებებში (INTEGRITY)“ ფარგლებში 2018 წლიდან დაიწყო.
პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბსუ-ს ყველა თანამშრომელსა და სტუდენტს ,,ერაზმუს +“-ის პროექტის ,,აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებებში (INTEGRITY)“ ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლები დაეგზავნა. პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღე ბსუ-ში 2020 წლიდან აღინიშნება.
უკან |