ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მე-2 საერთაშორისო კონფერენციას „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“ მასპინძლობს. კონფერენცია ორგანიზებულია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან პარტნიორობით და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით.
ორდღიან კონფერენციაზე შეიკრიბნენ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, გაეროს სააგენტოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე სკოლების მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიესალმნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ბავშვის უფლებათა მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე დავით სერგეენკო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორი აფშან ხანი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე თამარ სირაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი.
კონფერენციის მიზანია ბავშვის უფლებების შესახებ სწავლებისა და სწავლისთვის შესაბამისი სივრცის უზრუნველყოფა და მომავალი სპეციალისტებისთვის აღნიშნული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების შესაძლებლობის მიცემა. კონფერენციაზე საქართველოს ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცემა თავიანთი ინიციატივების გაზიარების საშუალება, რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების საუნივერსიტეტო პროგრამებში ჩართვას. ამით ხელი შეეწყობა მომავალში ბავშვთა უფლებების დამცველების განათლებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: განათლება, სამართალი, ბიზნესი და სხვა.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დისკუსიები ცნობილი ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების, მასწავლებლებისა და ესეების კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების მონაწილეობით. მონაწილეები წარმოადგენენ პრეზენტაციებს, სასკოლო პროექტებს. დისკუსიების მთავარი თემები არის უნივერსიტეტების როლი ბავშვთა უფლებების ხელშეწყობაში, არსებულ სოციალურ ნორმებზე გავლენის მოხდენა და ციფრული უთანასწორობის შემცირება. განათლების, სამართლის, სოციალური პოლიტიკის, სკოლამდელ და სასკოლო სივრცეში ბავშვის უფლებების დაცვის, ბავშვების სიღარიბის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით ციფრული უთანასწორობის შემცირების თემაზე 52 სხვადასხვა მომხსენებელი მთლიანობაში წარმოადგენს 42 მოხსენებას.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენცია ბავშვის უფლებების საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამაში ჩართვის შესახებ რიგით მეორე კონფერენციაა. პირველი ასეთი კონფერენცია 2020 წელს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელმაც უზრუნველყო პლატფორმა საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს შორის ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული თეორიის, კვლევის, პოლიტიკისა და პრაქტიკის სტრუქტურირებული გაცვლისთვის. პირველ და მეორე კონფერენციებს შორის საქართველოს 7 უმაღლეს სასწავლებელში დაფუძნდა ბავშვთა უფლებების ცენტრები.
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა ბავშვის უფლებების შესახებ სტუდენტური ესეებისა და სასკოლო პროექტების კონკურსი. ორი სტუდენტური ესეს ავტორსა და ქვეყნის მასშტაბით 15 სკოლას გადაეცა სერტიფიკატები, რომლებიც მათ სტიმულს მისცემს, გააგრძელონ ბავშვის უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობა.
გარდა ამისა, გაიმართა ბავშვის უფლებებისა და ბავშვის განვითარების სფეროს წამყვანი სპეციალისტების ვებინარები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბავშვის მიმართ ძალადობა და მისი შედეგები, თინეიჯერული ასაკის სირთულეები და ადრეული საბავშვო განათლების ხარისხი და მისი მნიშვნელობა.
კონფერენციის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში ახალგაზრდებისთვის ციფრული ადვოკატირების ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის მონაწილეებმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელსა და კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინეს ადვოკატირების თემები და გეგმები, რომლებმაც შეეხებოდა ციფრული უთანასწორობის შემცირებას მაღალმთიანი აჭარის ბავშვებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით.
უკან |