საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ენისა და კულტურის დოკუმენტირება და არქივირება ციფრულ ეპოქაში“

სურათი

ენისა და კულტურის ციფრული დოკუმენტირება და არქივირება კულტურული მემკვიდრეობის კვლევის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს XXI საუკუნეში. დღეისათვის დადგენილია, რომ 7 000-მდე არსებული ენიდან 2150 წლისათვის თითქმის ნახევარს გაქრობა უწერია – საფრთხეში მყოფი ენების საკვლევი ინსტიტუტის Living Tongues Institute for Endangered Languages მონაცემების მიხედვით, ენები უფრო სწრაფად ქრება, ვიდრე ცხოველთა ან მცენარეთა სახეობები: ყოველ ორ კვირაში არსებობას წყვეტს ერთი ენა. საგულისხმოა, რომ გაქრობის საშიშროება უმეტესად ინდიგენური ხალხების ენებს ემუქრება, რომელთაგან უმრავლესობა ჯერ კიდევ არ არის დოკუმენტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ენებთან ერთად გაქრება არა მარტო ენა, როგორც სისტემა, არამედ ინდიგენური მოსახლეობის სულიერი კულტურაც. შესაბამისად, ენისა და კულტურის ციფრული დოკუმენტირება და არქივირება XXI საუკუნის გამოწვევაა და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, 2023 წლის 29 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ატარებს საერთაშორისო საზაფხულო სკოლას „ენისა და კულტურის დოკუმენტირება და არქივირება ციფრულ ეპოქაში“.

მიზანი:

პროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ჩატარებას, რომელიც მიეძღვნება ჰუმანიტართა ახალგაზრდა თაობისათვის კულტურული მემკვიდრეობის – ენისა და კულტურის – ციფრული დოკუმენტირებისა და არქივირების თეორიული ცოდნის გადაცემას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინსტუმენტების ათვისებას და აჭარის ლინგვოკულტუროლოგიური პორტრეტის შექმნაში სტუდენტების (ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების) ჩართვას. საზაფხულო სკოლის პროგრამა ინტერდისციპლინური ხასიათისაა და ითვალისწინებს კომპლექსური ამოცანების გადაჭრას, კერძოდ:

I. თეორიული ცოდნის გადაცემას: დოკულინგვისტიკის ძირითადი პრინციპების გაცნობას; ციფრული დოკუმენტირებისა და არქივირების თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძვლების ათვისებას;

II. დოკუმენტირებისა და არქივირების ინსტრუმენტების გაცნობას ვორკშოფის ფარგლებში: ტექნოლოგიური და პროგრამული ინსტრუმენტების შესწავლას და მათ პრაქტიკულ გამოყენებას;

III. საველე ექსპედიციის მოწყობას სხალთა-ხიხანის ხეობაში: მასალების შეგროვებას სხალთა-ხიხანის ხეობის სოფლებში დოკულინგვისტიკის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით;

IV. მოპოვებული მასალების ლაბორატორიულ დამუშავებას: რესურსების ლაბორატორიული დამუშავების უნარჩვევების გამომუშავებას და დამუშავებული რესურსების არქივირებისათვის მომზადებას ბათუმის ლინგვოკულტუროლოგიურ დიგიტალურ არქივში იმპლემენტაციის მიზნით.

  • განცხადებების შემოტანის საბოლოო ვადა: 30 ივლისი
  • დასტური მონაწილეობის შესახებ: 10 აგვისტო
  • რეგიტრაციისთვის გადადით შემდეგ ლინკზე: https://adh.ge/international-summer-school-xixan-ge/
  • საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობა: 10 დღე
  • საზაფხულო სკოლაში მონაწილეთა რაოდენობა: 20
  • რეგისტრაცია უფასოა

 

  სეზონური სკოლის პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა