16 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ასევე სტუდენტებმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სოფელ ბარათაულში პატივი მიაგეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის, ბსუ-ს სტუდენტის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსან ამირან მამალაძის ხსოვნას და საფლავი გვირგვინით შეამკეს.
ომში დაღუპული გმირის უკვდავსაყოფად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესებულია სტუდენტ ამირან მამალაძის სახელობის სტიპენდია და მცირე სპორტულ დარბაზს მინიჭებული აქვს მისივე სახელი.
V ქვეითი ბრიგადის კაპრალი ამირან მამალაძე ერთადერთი სტუდენტი იყო აჭარის რეგიონიდან, რომელიც 9 აგვისტოს დაიღუპა. იგი საცეცხლე ზონაში დაჭრილი თანამებრძოლებისა და მეთაურის გამოსაყვანად დაბრუნდა და გმირულად დაეცა.
უკან |