5 ივნისი 2025 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტთა პირველი ნაკადი სასწავლო პრაქტიკით გერმანიაში გაემგზავრა. ახალგაზრდებს საერთაშორისო პროექტში გამარჯვება მიულოცეს და წარმატება უსურვეს უნივერსიტეტის რექტორმა, ტიტე აროშიძემ და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა, ირაკლი კორძაიამ.
საერთაშორისო სასწავლო პრაქტიკა ხორციელდება ბსუ-სა და გერმანიის მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტს შორის გაფორმებული მემორანდუმისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამული დაფინანსების საფუძველზე.
სტუდენტები სამი თვის განმავლობაში პრაქტიკას გაივლიან გერმანიის წამყვან, მაღალი კლასის სასტუმროებში, სადაც დეტალურად გაეცნობიან სასტუმროს ძირითადი სტრუქტურული ერთეულების მუშაობას. პრაქტიკის ფარგლებში ისინი არა მხოლოდ გაიღრმავებენ თეორიულ ცოდნას, არამედ უშუალოდ ჩაერთვებიან სასტუმროს ყოველდღიურ საქმიანობაში, განავითარებენ პრაქტიკულ უნარებსა და პროფესიულ კომპეტენციებს.
პროგრამა მათ საერთაშორისო ტურიზმის ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროფესიული განვითარებისა და დასაქმების მნიშვნელოვანი საფუძვლის შექმნის საშუალებას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ 2013-2024 წლებში საწარმოო პრაქტიკა გერმანიაში ბსუ-ს 600-ზე მეტმა სტუდენტმა წარმატებით გაიარა.