გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ბსუ-ში პირველი რექტორის ბიუსტი გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი რექტორის, ხუსეინ ნაკაიძის ბიუსტი გაიხსნა. ის საგანმანათლებლო კერას სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ხუსეინ ნაკაიძე ინსტიტუტის მხოლოდ პირველ გამოშვებას მოესწრო, რადგან 1938 წელს საბჭოთა რუსეთის რეპრესიებმა შეიწირა. რექტორი სალექციო აუდიტორიიდან გაიყვანეს და „მავნებლის“, „ხალხის მტრის“  ბრალდებით დახვრიტეს.  ბაბუის ღვაწლისა და ისტორიული მისიის შესახებ გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტს“ ხუსეინ ნაკაიძის შვილიშვილი, ბატონი ზურაბ ნაკაიძე ესაუბრება. 

_ ბატონო ზურაბ, თქვენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორის შვილიშვილი ხართ. გთხოვთ გვესაუბროთ  ბაბუის, ხუსეინ ნაკაიძის ისტორიულ ღვაწლსა და მის პიროვნულ თვისებებზე...

  _ ბაბუა, ხუსეინ ნაკაიძე რომ დახვრიტეს, მამაჩემი თერთმეტი თვის იყო. ბებიისგან მახსოვს, ზოგადად ხუსეინი იყო პიროვნება, რომელიც ძალიან ცოტას საუბრობდა. მოგეხსენებათ, მაშინ  ყველა  შიშში ცხოვრობდა. ბებიის გადმოცემით ვიცი, რომ სულ დარდობდა, ბაბუა არ დაეხვრიტათ და ბავშვები ობლად არ დარჩენილიყო. სამწუხაროდ, რეალურადაც ასეც მოხდა...

მამისგან ვიცი, რომ ბაბუის მიზანი იყო, აჭარის სკოლებში  ადგილობრივი კადრი შესულიყო და ქართულად ესწავლებინა.  აჭარაში უმაღლესი სასწავლებლის დაარსების იდეა ხუსეინ ნაკაიძეს ადრეული ასაკიდან ჰქონდა. ბაბუაჩემი ცნობილი საზოგადო მოღვაწის, გულო კაიკაიციშვილის ოჯახში იზრდებოდა, რომელიც მისივე ბაბუა იყო. ბაბუას ადრე გარდაეცვალა დედა და ხუთი ვაჟი დედის მამამ, გულო კაიკაციშვილმა მასთან წაიყვანა ოჯახში აღსაზრდელად. ხუსეინი უფროსი ვაჟი იყო. ბაბუამ მალევე მიაბარა ის აკაკი წერეთლის სასწავლებელში სასწავლებლად.  გულო კაიკაციშვილი  ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის და კიდევ ბევრი  ცნობილი  მოღვაწის თანამოაზრე და თანამებრძოლი იყო აჭარიდან. შეუძლებელია სხვანაირად აღზრდილიყო ხუსეინ ნაკაიძე, რადგან სწორედ ბავშვობიდან ტრიალებდა ინტელექტუალი საზოგადოების წრეში და ბუნებრივია, თავიდანვე ექნებოდა სურვილი საგანმანათლებლო კერის დაარსებისა.  სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ხუსეინ ნაკაიძე ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის _ იროდიონ სონღულაშვილის ძმისშვილზე _ თინათინ სონღულაშვილზე დაქორწინდა. იროდიონს ცოლი არ ჰყავდა. მისი ძმა ივანე, რომელიც მღვდელი იყო, იროდიონთან ერთად ზრდიდა თინათინს. ხუსეინ ნაკაიძე, ფაქტობრივად, ცნობილი ოჯახის სიძე იყო, რამაც კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბა არაერთ ქართველ მწერალთან და საზოგადო მოღვაწესთან. სწორედ ამ ურთიერთობებმა განაპირობა იმ დიდი საქმის წამოწყება აჭარაში, რასაც უმაღლესი სასწავლებლის გახსნა ჰქვია.  აქვე აღვნიშნავ, რომ ივანე ჯავახიშვილს შეუთავაზებია ბაბუაჩემისთვის თბილისში დარჩენილიყო, თუმცაღა ჩანს, რომ ის მშობლიურ კუთხეში დაბრუნდა და დიდი საქმის კეთებას მიჰყო ხელი.

_ რა ისტორიულ რელიქვიას ინახავს ახალი თაობებისთვის  ბაბუის გასახსენებლად ნაკაიძეების ოჯახი?

_ ერთადერთი მისი თოფი ინახებოდა ოჯახში, თუმცა უსაფრთხოების გამო, ოჯახიდან წაიღეს და  მერე დაიკარგა... ასევე გვაქვს მისი გამოწერილი ენციკლოპედია, რომელსაც თან ახლავს  გამოწერის და გადახდის ქვითარი და დღემდე  ბიძიას ოჯახში ინახება... ფაქტობრივად, მეტი არაფერი შემორჩა, რადგან ხუსეინ ნაკაიძეს სახლი ისედაც არ ჰქონდა. ის  უნივერსიტეტის შენობაში ცხოვრობდა. მისი დახვრეტის შემდეგ, ერთ-ერთ ნაშრომში ვკითხულობთ, რომ კომუნიზმის შიშით, მისი წიგნებიც კი დაწვეს...

_ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი რექტორის ბიუსტი გაიხსნა. ამ ისტორიულმა ფაქტმა ნაკაიძეების საგვარეულო საგანმანათლებლო სივრცეში შეგკრიბათ. რამდენად ემოციური იყო თქვენთვის?

_ როცა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი რექტორი მერაბ ხალვაში გავიცანი და მითხრა, რომ პირველი რექტორის, ხუსეინ ნაკაიძის ბიუსტის გახსნა გვინდაო, უსაზღვროდ გამიხარდა. შეიძლება ითქვას, რომ სიხარულისგან პირველი ცრემლი თვალში მაშინ ჩამიდგა... მამას ხშირად ეუბნებოდნენ, რომ ბაბუის სახელი ისტორიულად წამოეწია წინა პლანზე და ეზრუნა ამ საკითხზე, თუმცა თვითონ სულ წინააღმდეგი იყო. ყოველთვის  ამბობდა, რომ როცა საზოგადოება გადაწყვეტს, ინტელიგენცია ამას თავად გააკეთებსო. მართლაც ასე მოხდა,  ბაბუის ბიუსტი უნივერსიტეტში ბატონ მერაბ ხალვაშის რექტორობის დროს გაიხსნა. მართალია, მამა ამას ვერ მოესწრო, მაგრამ მისი მოლოდინი გამართლდა... მიხარია, რომ  უნივერსიტეტის შენობაში ახალი და მომავალი თაობებიც გაიგებენ, თუ ვინ იყო ბსუ-ს პირველი რექტორი. დღეს ბსუ-ს  არაერთი წარმატებული კურსდამთავრებულია ხუსეინ ნაკაიძის შთამომავალი. ზოგიერთი მათგანი დღემდე საგანმანათლებლო სივრცეში ტრიალებს და პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიუსტი  ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა 25 იანვარს საზეიმოდ გახსნა. ღონისძიებას აჭარის ა.რ. განათლებისა და კულტურის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის ა. რ. უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს წევრები, პროფესორ-მასწავლებლები, ხუსეინ ნაკაიძის ოჯახის წევრები, ნათესავები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხუსეინ ნაკაიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბათუმის ინსტიტუტის განვითარებაში. მისი ზრუნვის არეალი ვრცელი იყო: სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შექმნა, სასწავლო პროცესის გამართვა, ფაკულტეტებისა და კათედრების ჩამოყალიბება, პროფესორთა მოწვევა, სამეცნიერო საქმიანობის ორგანიზება, სტუდენტთა სამეცნიერო წრეების შექმნა, სწავლების, სწავლისა და სამეცნიერო მუშაობის შედეგების შეჯამება-განხილვა, სასწავლებლის განვითარებასა და წინსვლაზე ზრუნვა, ბიბლიოთეკისა და  შენობის მოწესრიგება, ეზოსა და  სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის კეთილმოწყობა. განსაკუთრებით გულშემატკივრობდა სტუდენტებს, ინტერესდებოდა მათი ცხოვრების პირობებით, კვებით, ჯანმრთელობით; ბევრს მატერიალურად უმართავდა ხელს. ხშირად სტუმრობდა იმხანად ინსტიტუტის ეზოში განთავსებულ სტუდენტთა ქსენონს და სტუდენტებისთვის საკვები და წამლები მიჰქონდა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა