გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„მადლობა, რომ ასახელე ჩვენი ქვეყანა“

სურათი

გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ მკითხველს ხშირად უამბობს სხვადასხვა კონკურსსა თუ პროექტში გამარჯვებულების შესახებ, მაგრამ ნომრის
დღევანდელ სტუმარი, სწორედაც რომ განსაკუთრებულად გამორჩეულია როგორც ასაკით, ასევე გამარჯვების მასშტაბურობით.  ჩვენს კითხვებს საბავშვო „ევროვიზია - 2024“ წლის გამარჯვებული, ჩვენი თანაქალაქელი ანდრია ფუტკარაძე პასუხობს.

მან 239 ქულით საქართველოს გამარჯვება მეოთხედ მოუტანა. ანდრია ფუტკარაძემ ჟიურისგან 180 ქულა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით - 59 ქულა. საბავშვო „ევროვიზია - 2024“ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, რომელშიც 17 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

_ ანდრია, გვიამბე ემოციების შესახებ, როცა გაიგე,  შენმა ქვეყანამ საბავშვო ევროვიზია მოიგო. ეს მომენტი შენთვის ალბათ განსაკუთრებული იყო...

_  ძალიან გამიხარდა ეს ყველაფერი, აღფრთოვანებული ვიყავი, ცოტათი ვნერვიულობდი და ჩემში ყველა ეს ემოცია ერთად იყო.

_  ანდრია, გვიამბე შენი მუსიკალური კარიერის შესახებ...

_ ექვსი წლის ასაკში შევედი სტუდია ,,ზღვის შვილებში“. იქ გამოვდიოდი კონცერტებზე, სცენაზე.  ცხრა წლის ასაკში ესპანეთში პირველად კონკურსში მივიღე მონაწილეობა და ავიღე გრან-პრი, ვიყავი სტუდია ,,რანინა-ში“. ამის შემდეგ უკვე ევროვიზიის კონკურსში მივიღე მონაწილეობა.

_ იმ სიმღერის შინაარსის შესახებ მოგვიყევი, რომლითაც ევროვიზიაზე წარსდექი. რამ შთაგაგონა? როგორ გამოიკვეთა სიმღერის ტექსტი და მუსიკა?

_ სიმღერის მუსიკა დაწერა გიგა კუხიანიძემ, ტექსტი დაწერა მაკა დავითაიამ. ჩემთან შეთანხმებით დაწერეს სიმღერის ტექსტი და მკითხეს, რომ მინდოდა თუ არა სიმღერა დედაზე. ასე შეიქმნა ეს სიმღერა. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა, რადან დედაჩემი ჩემთან ხშირად არ არის და მიხარია, რომ დედაზე ვასრულებ სიმღერას.

_ საბავშვო ევროვიზია ძალიან დიდი კონკურსია. შენ როგორ შეძელი სიმშვიდის შენარჩუნება სცენაზე გამოსვლისას?

_  სცენაზე გამოსვლისას ცოტათი ვნერვიულობდი, მაგრამ ვცდილობდი, რომ არ შემემჩნია.

_ რას ნიშნავს შენთვის გამარჯვება და როგორ შეცვალა წარმატებამ შენი ცხოვრება?

_ ძალიან შეცვალა წარმატებამ ჩემი ცხოვრება. ყველა მაჩერებს ქუჩაში და მეუბნება ანდრია, რა მაგარი ბიჭი ხარო! უფრო წარმატებისკენ გადაიხარა ჩემი ცხოვრება... ავტოგრაფებს მართმევენ, ფოტოებს იღებენ  და რა ვიცი... სულ ყველა მაჩერებს  და მილოცავს...

_ ანდრია, პირადი გამოცდილებიდან,  საბავშვო ევროვიზიის დროს, ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი რა იყო?

_ ბავშვებთან ერთად ვერთობოდი ხოლმე. ყოველ საღამოს გვქონდა წვეულებები და ეს ძალიან მაგარი იყო.

_ როგორ ემზადებოდი კონკურსისთვის და ყველაზე მეტად ვინ გეხმარებოდა წარმატების მიღწევაში? თუ იყო მრჩევლები, პედაგოგები ან ოჯახის წევრები, რომელთა დახმარება მნიშვნელოვანი იყო...

_ ძალიან ბევრი ვინმე მეხმარებოდა წინასაკონკურსო სამზადისში... ეს იყო ვოკალის პედაგოგი, კომპოზიტორი, რეჟისორი, პროდიუსერი... ყველა ხელს მიწყობდა, რჩევას მაძლევდა, ყველა განსაკუთრებულად მეხმარებოდა და მათ შორის ოჯახის წევრებიც. ყოველდღიურად მქონდა რეპეტიცია.

_  რას ეტყვი სხვებს, ვინც მომავალში ამ კონკურსში მონაწილეობას აპირებს? როგორ გააძლიერებდი მათ მოტივაციასა და შთაგონებას?

_ ბევრი იმუშავეთ, არ ინერვიულოთ და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. გჯეროდეთ საკუთარი თავის და იყავით გულწრფელები.

_ შენი მომავალი გეგმები...

_  ჯერ ასეთი სამომავლო გეგმები არ მაქვ,ს მაგრამ სიმღერის გაგრძელებას ვგეგმავ.

_  როგორ ფიქრობ, რა როლი აქვს მუსიკას ბავშვებისთვის?

_ ჩემს ცხოვრებაში მუსიკას აქვს ძალიან დიდი როლი, რადგან მუსიკა ძალიან მიყვარს და მუსიკის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.

_  შენი გამარჯვების შემდეგ , წარმატების გზები რომ გაუზიარო ბავშვებს და ახალგაზრდებს და ასევე, შენი რჩევები იმ ბავშვებს, ვისაც მუსიკა ყველაზე მეტად უყვართ, გამოსდით და აინტერესებთ...

_ ყოველთვის გააკეთონ ის, რაც უყვართ. თუ მუსიკა უყვართ, იმღერონ, დაუკრან არ დაიზარონ. სჯეროდეთ საკუთარი თავის, არ ინერვიულონ და ყველაფერი გამოუვათ.

_ აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს გულშემატკივრობისთვის და მადლობა საქართველოს!

გაზეთ ,,ბათუმის უნივერსიტეტის“ სახელით, ვულოცავთ ანდრიას ამ უდიდეს წარმატებას. მადლობა, რომ ასახელე ჩვენი ქვეყანა!

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა