
დავით ტუნაძე ბათუმის მეხუთე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. წარმატებული აბიტურიენტი გეგმავს, რომ სტუდენტობის წლები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშიროს. სწავლას ბიზნესის სპეციალობის მიმართულებით აპირებს. “ჩემი მიზანი მხოლოდ ფინანსური წარმატება არ არის. მინდა ჩემი საქმიანობა იყოს ისეთი, რომელიც დატოვებს კვალს - იქნება ეს ახალი პროექტები, სამუშაო ადგილები თუ უბრალოდ ინსპირაცია სხვა ადამიანებისთვის”, - ამბობს დავითი გაზეთ “ბათუმის უნივერსიტეტთან” საუბრისას. აბიტურიენტი ოქროსმედალოსანია.
_ მიმდინარე წელს ვამთავრებ ბათუმის №5 საჯარო სკოლას. ბავშვობიდანვე გამოვირჩეოდი ინტერესით სხვადასხვა სფეროს მიმართ. ყოველთვის მქონდა სურვილი, ერთ კონკრეტულ ჩარჩოში არ ჩავკეტილიყავი და რაც შეიძლება მეტი გამომეცადა. სწორედ ამიტომ ჩემთვის უნივერსალიზმი - მრავალმხრივი განვითარება, არ არის უბრალოდ სიტყვა, არამედ ცხოვრების სტილია.
სასკოლო წლები ჩემთვის იყო ექსპერიმენტების პერიოდი. შეიძლება არ მქონდა ერთი კონკრეტული „სუპერ მიღწევა“, მაგრამ სამაგიეროდ მივიღე ის, რაც ხშირად უფრო მნიშვნელოვანია — გამოცდილება. ვცდილობდი სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას, ახალი უნარების შეძენას და საკუთარი შესაძლებლობების გამოცდას. ვფიქრობ, ეს მიდგომა მომავალში ბევრად უფრო გამომადგება, რადგან რეალურ ცხოვრებაში წარმატებას ხშირად ის ადამიანები აღწევენ, ვინც სხვადასხვა სიტუაციაში სწრაფად ადაპტირდება.
ყოველთვის მიზიდავდა იდეა, რომ საკუთარი გზა თავად შემექმნა. ბავშვობაში ალბათ სხვებივით მეც ვფიქრობდი სხვადასხვა პროფესიაზე, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ყველაზე მეტად მიზიდავს დამოუკიდებლობა — გადაწყვეტილებების მიღების, რისკის აღების და საკუთარი იდეების რეალიზების თავისუფლება. სწორედ ამან მიმიყვანა ბიზნესისკენ.
ჩემთვის ბიზნესი მხოლოდ ფულის შოვნის გზა არ არის. ეს არის აზროვნების სტილი
— შესაძლებლობების დანახვა იქ, სადაც სხვები პრობლემებს ხედავენ. მჯერა, რომ წარმატებული ბიზნესმენი ქმნის არა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობას, არამედ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, ქმნის სამუშაო ადგილებს და ახალ იდეებს აქცევს რეალობად,
ჩემთვის ბიზნესმენი არის ადამიანი, რომელიც მუდმივად სწავლობს, ცდება, თავიდან იწყებს და ბოლოს მაინც პოულობს გზას წარმატებისკენ. ზოგჯერ საკუთარ ფიქრებში დაკარგული ვამბობ, რომ ბიზნესში ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი „არ დანებებაა“, იმიტომ რომ იდეები ბევრს აქვს, მაგრამ ბოლომდე მიყვანა ყველას არ გამოსდის.
_ რატომ ბსუ?
_ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩემთვის ყოველთვის ერთგვარი საინტერესო სივრცე იყო. სიმართლე რომ ვთქვა, ზუსტად არ ვიცოდი, რა ხდებოდა მის შიგნით, როგორ მიმდინარეობდა სწავლა, რა გარემო იყო სტუდენტებისთვის, მაგრამ სწორედ ეს უცნობი მხარე კიდევ უფრო მეტ ინტერესს იწვევდა ჩემში.
მისი სიახლოვის გამო, ხშირად ვხედავდი უნივერსიტეტს გარედან და ყოველთვის მიჩნდებოდა კითხვა: „რა ხდება შიგნით?“ დროთა განმავლობაში ეს უბრალო ცნობისმოყვარეობა გადაიზარდა რეალურ ინტერესსა და სურვილში, თავად გავმხდარიყავი ამ სივრცის ნაწილი.
ვფიქრობ, ზოგჯერ სწორედ ასეთი ბუნებრივი ინტერესი არის ყველაზე ძლიერი მოტივაცია, როცა რაღაც გაკვირვებს და გინდა საკუთარი გამოცდილებით გაიგო _ რას გთავაზობს… ჩემთვის ბსუ სწორედ ასეთი არჩევანია - ადგილი, რომელიც მაინტერესებს და სადაც მინდა ჩემი გზა თვითონვე აღმოვაჩინო.
ამასთან, მჯერა, რომ უნივერსიტეტი მომცემს შესაძლებლობას უკეთ გავიგო ჩემი სფერო, განვვითარდე და რეალურად გამოვცადო საკუთარი შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ ვირჩევ ბსუ-ს — არა მხოლოდ როგორც სასწავლებელს, არამედ როგორც ახალ ეტაპს, რომელიც მინდა პირადად გავიცნო და შევქმნა ჩემი გამოცდილებით.
_ სტუდენტობა…
_ სტუდენტობის წლები წარმომიდგენია როგორც ერთგვარი „სასწავლო ლაბორატორია“, სადაც იდეები იბადება, იცვლება და ზოგჯერ სრულიად მოულოდნელად წარმატებულ პროექტებად იქცევა. მჯერა, რომ ამ პერიოდში შევიძენ არა მხოლოდ ცოდნას, არამედ იმ გამოცდილებას, რომელიც მომავალში გადამწყვეტი იქნება.
ვფიქრობ, უნივერსიტეტი იქნება ის ადგილი, სადაც კიდევ უფრო დავრწმუნდები, რომ სწორი გზა ავირჩიე — ან, თუ საჭირო იქნება, დროულად შევცვლი მიმართულებას (რაც, ბიზნესის ენაზე რომ ვთქვათ, ცუდი სტრატეგიის დროულად შეცვლას ჰგავს).
_ მე — 10 ან 20 წლის შემდეგ…
_ 10 ან 20 წლის შემდეგ საკუთარ თავს ვხედავ იმკიდევ ადამიანად, რომელმაც შეძლო საკუთარი იდეების რეალიზება და შექმნა რაღაც ღირებული. მინდა ვიყო ბიზნესმენი, რომელიც არ უშინდება გამოწვევებს, იღებს გააზრებულ რისკებს და ქმნის შესაძლებლობებს როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვის.
ჩემი მიზანი მხოლოდ ფინანსური წარმატება არ არის. მინდა ჩემი საქმიანობა იყოს ისეთი, რომელიც დატოვებს კვალს - იქნება ეს ახალი პროექტები, სამუშაო ადგილები თუ უბრალოდ ინსპირაცია სხვა ადამიანებისთვის.
მჯერა, რომ წარმატება არ არის ერთჯერადი შედეგი. ეს არის პროცესი, რომელიც მოითხოვს შრომას, მოთმინებას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. …და თუ რაღაც არ გამოვა, ყოველთვის იქნება მეორე ცდა… ან მესამე… ან მეოთხე, რადგან, საბოლოოდ, ბიზნესშიც და ცხოვრებაშიც იმარჯვებს ის, ვინც თამაშს არ ტოვებს.
| უკან |
