ბსუ-ში რბილი უნარების ლაბორატორია გაიხსნა. მრავალფუნქციური ლაბორატორია აღჭურვილია ERASMUS+ საგრანტო პროექტის „სოციალური უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად“ (DeSIRe – „Development of Soft Skills at Higher Education Institutions of Armenia and Georgia in Compliance with the 21st Century Labour Market Requirements“, Nº101128804 – DeSIRe - ERASMUS–EDU–2023-CBHE) ფარგლებში შეძენილი მატერიალური რესურსით.
პროექტი მიზნად ისახავს სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში რბილი უნარების (ე.წ. "სოფტ სქილს" (SS)) განვითარების ხელშეწყობას თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. ეს ინიციატივა დაეხმარება სტუდენტებს კარიერულ წინსვლასა და დასაქმებაში. ტრადიციულად, აღნიშნული ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლები აქცენტს აკეთებდნენ "მყარ უნარებზე" (ე.წ. "ჰარდ სქილს"), რის გამოც რბილი უნარები ნაკლებად იყო განვითარებული და ვერ პასუხობდა თანამედროვე საგანმანათლებლო და შრომის ბაზრის ტენდენციებს. აქედან გამომდინარე მთავარი მიზანია სტუდენტების აღჭურვა როგორც მყარი, ისე რბილი უნარებით, რომლებიც აუცილებელია დღევანდელი სწრაფად ცვალებადი შრომის ბაზრისთვის.
რბილი უნარები არ უკავშირდება რომელიმე კონკრეტულ დარგს ან დისციპლინას. ისინი აუცილებელია ნებისმიერი პროფესიისთვის და გამოადგება ყველა ადამიანს, რომელიც კონკრეტული ამოცანის შესრულებას ისახავს მიზნად. ეს უნარები მოიცავს კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებითობას, პრობლემების გადაჭრის უნარს, საჯარო გამოსვლის ტექნიკას, გუნდური მუშაობის უნარს, ციფრულ წიგნიერებას, ლიდერობასა და კომუნიკაციას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რბილი უნარების 10 მოდულის შემუშავება, რომელიც დაინერგება სასწავლო პროცესის ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში. ლაბორატორიაში ჩატარდება როგორც, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგები და შეხვედრები, ასევე მისი გამოყენება მოხდება სასწავლო პროცესში. ასევე, ,,ERASMUS+“-ის პროექტის ფარგლებში რამდენიმე ენაზე შეძენილია ლიტერატურა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას მისცემს განივითარონ კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, კრიტიკული აზროვნებისა და სხვა მნიშვნელოვანი უნარები.
უკან |