სამეცნიერო კვლევები

მანიპულაციის ენობრივი საშუალებები თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ დისკურსში (ოთხი საარჩევნო პერიოდის ბაზაზე 2012-2024 წწ.)

სამეცნიერო პროექტის დასახელება: „მანიპულაციის ენობრივი საშუალებები თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ დისკურსში (ოთხი საარჩევნო პერიოდის ბაზაზე 2012-2024 წწ.)“

გრანტის დაფინანსების წყარო:  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: პროფ. მანანა თანდაშვილი (ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი)

სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები: ასოც. პროფ. მზია ხახუტაიშვილი (ბსუ), ასოც. პროფესორი რუსუდან პაპიაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი),  პოსტდოქტორანტი თათია ცეცხლაძე (ბსუ), დოქტორანტი ანასტასია ყამარაული (ბსუ).

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 3 წელი

პროექტის მიზნები და კონკრეტული ამოცანები: 

პროექტის მიზანია მანიპულაციის ენობრივი საშუალებების კვლევა თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ დისკურსში. საკვლევი პერიოდი მოიცავს საქართველოს პოლიტიკის უახლეს პერიოდს (2012-2024 წლებს).

პროექტის განხორციელება მოითხოვს თეორიული, ემპირიული და ტექნოლოგიური ამოცანების გადაჭრას. პროექტით განსაზღვრული ამოცანები და მიზნები, ისევე როგორც კვლევის პროცესში გამოყენებული მეთოდოლოგიური და ტექნოლოგიური ჩარჩო, სიახლეს წარმოადგენს ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების კვლევის სფეროში, ვინაიდან:

ა) პროექტის ფარგლებში პირველად განხორციელდება უახლესი ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების დისკურსის სისტემური ანალიზი, რომელიც ვრცელ  ემპირიულ ბაზაზე იქნება დაფუძნებული;

ბ) შეიქმნება ღია რესურსი - თანამედროვე ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების დიგიტალური კორპუსი“ (CoCoGePoS), რომელიც პრინციპულად განსხვავდება აქამდე არსებული ქართული ენის ეროვნული კორპუსის პოლიტიკური ტექსტების ქვეკორპუსისაგან:

  1. კორპუსში ძიება განხორციელდება მანიპულაციის ენობრივი საშუალებების მიხედვით; 
  2. პირველად შეიქმნება პოლიტიკური ტექსტების კორპუსი, რომელიც აღჭურვილი იქნება  ძიების საგანგებო მექანიზმით, რომელიც საშუალებას მოგვცემს წინადადებების სელექცია განვახორციელოთ სემანტიკურ-პრაგმატული ნიშნის მიხედვით (შეფასება, კრიტიკა, ბრალდება, ინფორმირება, მოწოდება, პროგნოზი, განმარტება, მადლობა და ა.შ.). 
  3. კორპუსი აღჭურვილი იქნება სენტიმენტის კვლევის შესაძლებლობებით, რომელიც დაეფუძნება  პროექტის ფარგლებში შექმნილი თანამედროვე ქართული პოლიტიკური დისკურსის სენტიმენტლექსიკონს;
  4. პროექტისათვის მასალების შერჩევა განხორციელდება ბალანსირების პრინციპის დაცვით. ესენია:

-           პოლიტიკური სპექტრის ბალანსი - კორპუსში შევა როგორც სამთავრობო, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელ პოლიტიკოსთა მეტყველება;

-           თემატური ბალანსი - რესურსების შერჩევისას ორიენტირებულები იქნება სამეცნიერო ჯგუფი თემატურად მსგავს გამოსვლებზე;

-           გენდერული ბალანსი -  პოლიტიკოსთა შერჩევისას დაცული იქნება გენდერული ბალანსი - კორპუსში წარმოდგენილ ქალ პოლიტიკოსთა მეტყველება რაოდენობრივად  გაუტოლდება მამაკაც პოლიტიკოსთა რაოდენობას.

 

 მოსალოდნელი შედეგები: 

            პროექტის ფარგლებში განხორციელებული ემპირიულ მონაცემთა სისტემური დამუშავების შედეგად  შეიქმნება:

  • მონოგრაფია „მანიპულაციის ენობრივი საშუალებები თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ დისკურსში“;
  • სტატიები „სიძულვილის ენა თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ ზეპირმეტყველებაში (კორპუსული კვლევა)“ და  „ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების სტილისტიკური ანალიზი“;
  • ქართული პოლიტიკური მეტყველების სენტიმენტლექსიკონი.

თანამედროვე ქართული პოლიტიკური დისკურსის დიგიტალური კორპუსი, რომელიც ღია რესურსად გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი იქნება როგორც სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთათვის, ისე სტუდენტებისა და საკითხით დაინტერესებული საზოგადოების ფართო ფენებისათვის.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა