სამეცნიერო კვლევები

"დასავლეთ საქართველოს გვიანპლეისტოცენ-ადრე ჰოლოცენის ხანის რეგიონალური თავისებურებანი (ღია ნამოსახლარებისა და მღვიმური კომპლექსების მიხედვით)"

პროექტის სახელწოდება: დასავლეთ საქართველოს გვიანპლეისტოცენ-ადრე ჰოლოცენის ხანის რეგიონალური თავისებურებანი (ღია ნამოსახლარებისა და მღვიმური კომპლექსების მიხედვით)

გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული

სამეცნიერო ფონდი სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: გურამ ჩხატარაშვილი (ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი)

სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები: თენგიზ მეშველიანი, მაია ჭიჭინაძე, ქეთევან ესაკია (საქართველოს ეროვნული მუზეუმი)

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2025-2028 წწ.

პროექტის მოკლე აბსტრაქტი

საქართველოში ქვის ხანის ძეგლების კვლევა-ძიების საქმეს ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც XIX ს-ის 80-იანი წლებიდან იწყება. დღევანდელ დღემდე აღმოჩენილი და შესწავლილია რამდენიმე ასეული ძეგლი, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია ღია ნამოსახლარებისა და მღვიმეების სახით. საქართველოს ტეროტორიაზე მღვიმეების კლასიკურ რეგიონად ითვლება იმერეთის რეგიონი, კერძოდ რიონ-ყვირილას აუზი, სადაც გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს ქართველი

და უცხოელი სპეციალისტების მიერ უმნიშვნელოვანესი სამუშაოები ჩატარდა. ინტერდისციპლინური კვლევების ფარგლებში სპეციალური შესწავლის საგანი გახდა ქვის ინდუსტრია, ფაუნისტური მასალა, პალეოგარემო, მიგრაციები, გენეტიკა და სხვ.

სამწუხაროდ, სრულიად საპირისპირო ვითარებაა დასავლეთ საქართველოს მეორე რეგიონში - აჭარაში, სადაც ქვის ხანის ძეგლები მხოლოდ ღია ნამოსახლარების სახითაა წარმოდგენილი. განსხვავებული გეოგრაფიული მდებარეობისა (სუბტროპიკული ზონა) და ნიადაგის თავისებურების გამო, არც ერთ ძეგლზე არაა შემორჩენილი ფაუნისტური მასალა, მცირე ინფორმაცია გვაქვს უძველეს პალეოგარემოზე და სხვ. უკანასკნელ პერიოდში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით 33 წლიანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, განახლდა აჭარის პრეისტორიული ძეგლების კვლევა-ძიება. მიღებულია აბსოლუტური თარიღების სერია, გვაქვს პალინოლოგიური მონაცემებიც, სიახლეა ადამიანთა მობილურობაზე (ჩანს ობსიდიანის სხვადასხვა წყაროების არსებობა) და სხვ. თუმცა, უძველესი პალეოგარემოს რეკონსტრუქციისთვის და იმდროინდელი ადამიანის ყოფის აღსადგენად ინტერდისციპლინური კვლევებია ჩასატარებელი.

წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოს ორი განსხვავებული რეგიონის გვიანპლეისტოცენ-ადრეჰოლოცენის ხანის ძეგლთა არსებული და ახალი კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების ერთმანეთთან შეჯერება-ანალიზს, მათი საერთო და/ან განმასხვავებელი ნიშნების მითითებით. ვფიქრობთ, რომ ერთ რეგიონში არსებული ფაუნისტური მასალის მონაცემები, უცხოელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული კვლევის შედეგები და მათი ანალიზი დაგვეხმარება, შეძლებისდაგვარად, აღვადგინოთ იმ პერიოდის აჭარის რეგიონში არსებული პალეოგარემო.

პროექტის მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორი

კავკასიის რეგიონის მონადირე-შემგროვებელთა პალეოგარემოზე, საქმიანობაზე და სხვ. საკითხებზე მუშაობის დროს, ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერების შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით შეიქმნება უმნიშვნელოვანესი ცოდნა, რაც ხელს შეუწყობს თითოეული მათგანის კარიერულ/პროფესიულ წინსვლას და სამეცნიერო საზოგადოებაში აღიარების მოპოვებას.

ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება სხვა მეცნიერთა ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი კადრების დაინტერესების კუთხით. კერძოდ, სიღრმისეული კვლევის შედეგად მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს მომავალი კადრების მოზიდვას, ახალგაზრდების ინტერესის სტიმულირებას და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში მათ ჩართვას. ამასთან, გაიზრდება ინტერესი პრეისტორიული არქეოლოგიის მიმართ, გაფართოვდება სფერო და კიდევ უფრო გაიზრდება ახალი მეთოდების გამოყენების შესაძლებლობა. ბათუმის უნივერსიტეტი გააგრძელებს დასავლეთ საქართველოს პრეისტორიულ ძეგლებზე მუშაობას, სამეცნიერო და საგანმანათებლო ფუნქციების ინტეგრაციას, შეიქმნება სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პრეცენდენტი, რაც, პერსპექტივაში შექმნის ორგანიზების და კოლაბორაციის უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობებს, ხელი შეეწყობა რეგიონულ თანამშრომლობას ქვეყნის შიგნით, გაიზრდება საერთაშორისო ჩართულობაც.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევა ინტერდისციპლინურია, რომელშიც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ერთად მონაწილეობენ. მისი შედეგები მნიშვნელოვანია არამარტო კავკასიის, არამედ ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპის პრეისტორიაზე მომუშავე მკვლევრებისთვის. ამ უკანასკნელის ინტერესი, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია დასავლეთ საქართველოს გვიანპლეისტოცენურ-ადრეჰოლოცენის ხანის პალეოგარემოს, მეურნეობის, ქვის დამუშავების ტექნიკის, აბსოლუტური თარიღების და სხვ. მიხედვით.

მიღებული შედეგების მიხედვით, ეჭვგარეშეა, რომ გაიზრდება ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსულის მიმართ ინტერესი. ამას ხელს შეუწყობს ჩვენი აქტიური თანამშრომლობა რეგიონში მოქმედ სხვადასხვა ტურისტულ ორგანიზაციებთან, სადაც მათ მიეწოდებათ საჭირო ინფორმაციები, უცხოელი ვიზიტორებისთვის ჩატარდება ტრენინგ-კურსები, შესაძლებელი იქნება მოხალისეების სტატუსით ვიზიტორების ჩართვა საველე არქეოლოგიურ გათხრებში და სხვ. სხვადასხვა გამოცდილებების გათვალისწინებით შეიძლება დავასკვნათ, რომ სწორედ მზარდმა ინტერესმა განაპირობა არაერთი ისტორიული ადგილის/ძეგლის მსოფლიო ატრაქციად გადაქცევა.

კვლევის შედეგად მიღებული შედეგები სათანადო მეცნიერული დამუშავების შედეგად გამოქვეყნდება Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებში შემავალ ჟურნალებში (მაგ., Quaternary International; Journal of Archaeological Science; Archaeological Research in Asia; Journal of Archeological Science, Reports; Documenta Praehistorica და სხვ.), რაც საშუალებას მოგვცემს მსოფლიოს პრეისტორიული ეპოქის სპეციალისტებისთვის ხელმისაწვდომი იყოს აღნიშნული ინფორმაცია. ამასთან ერთად, ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდება მონოგრაფია.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა