სამეცნიერო კვლევები

აქტინიდიის (Actinidia Delicioza ) მიკროგამრავლების შესწავლა in vitro კულტურაში

სამეცნიერო პროექტის სახელწოდება  - აქტინიდიის (Actinidia Delicioza ) მიკროგამრავლების შესწავლა in vitro  კულტურაში

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ნანა ზარნაძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი - ასისტენტ პროფესორი ლალი ჟღენტი

სამეცნიერო  პროექტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების პერიოდი - 2012-2013 წწ.

სამეცნიერო პროექტის მიზანი - კვლევის ობიეტს წარმოადგენს Actinidia deliciosa (L) (კივი) იგი მიეკუთვნება აქტინიდიასებრთა ოჯახის ხვიარა ბუჩქების (ლიანების) გვარს, 2-8 მ სიმაღლის ორსახლიანი მცენარეა. აქვს ცალსქესიანი, იშვიათად ორსქესიანი თეთრი  ან ყვითელი  ყვავილები. ნაყოფი კენკრაა.  სუბტროპიკულ ხეხილოვან კულტურათა შორის, აქტინიდიას (კივი) ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს,  რაც განპირობებულია მისი ნაყოფის სამკურნალო და დიეტური თვისებებით.  კივის სასარგებლო თვისებები უნიკალურია: ხილი მდიდარია ვიტამინებით, განსაკუთრებით А, В-ჯგუფისა და С ვიტამინებით, მინერალური მარილებით, ტანინითა და ცილის დამშლელი ფერმენტებით. კივის მხოლოდ ერთი ნაყოფი ფარავს დღიურ მოთხოვნილებას С ვიტამინზე, რომელიც დიდ როლს თამაშობს იმუნური სისტემის გაძლიერებაში, ინფექციური დაავადებებისადმი მდგრადობის ზრდაში, ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს.

აქტინიდიის აგრობიოლოგიური და აგროტექნიკური თავისებურებანი, კერძოდ მისი მაღალი (-15 გრადუსამდე) ყინვაგამძლეობა, ჰაერის შედარებით მაღალი ტენიანობისკენ მიდრეკილება, ფესვთა სისტემის უფრო მეტად ზედაპირული (25-30 სმ სიღრმეზე) განვითარება, დაავადებებისა და მავნებლების მიმართ მდგრადობა და სხვა, საშუალებას იძლევა, ეს კულტურა მოყვანილი იქნას საქართველოს უმეტეს რაიონებში, უფრო მეტად კი, დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში. პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მცენარე ორსახლიანია, თესლნერგებში სქსესის გარჩევა შეუძლებელია, იუვენილური პერიოდი  4-7  წელიწადს გრძელდება, ტრადიციული სელექციური გზით გამრავლება დაკავშირებულია სადედე კალმების და სანერგე მასალის დეფიციტთან. ამ საკითხის მოგვარებას შესანიშნავად ახერხებს იზოლირებული უჯრედის, ქსოვილისა და ორგანოს კულტურა.

სამეცნიერო პროექტის ამოცანები - დასახული მიზნის განსახორციელებლად პროექტი   ითვალისწინებს შემდეგი ამოცანების გადაწყვეტას:
- ექსპლანტების, სტერილენტების, მათი ექსპოზიციის შერჩევა და შეყვანა In  vitro სისტემაში;
-  მიკროკლონალური გამრავლებისათვის პირობების შემუშავება და ოპტიმიზაცია;
- ზრდის რეგულატორებისა და საკვები არის სხვადასხვა კომპონენტების გავლენის შესწავლა აქტინიდიის მორფოგენეტიკური პროცესების რეალიზაციისას მიკროკლონალური გამრავლების ყველა ეტაპზე;
- მცენარე-რეგენერანტების მიღება;
- დაფესვიანების პროცესების შესწავლა.

სამეცნიერო პროექტის შედეგები - პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული იქნა მონაცემები Actinidia deliciosa (L) in vitro სისტემაში მორფოგენეტიკური პოტენციალის შესახებ. შემუშავდა კულტურაში შეყვანის ინდივიდუალური მეთოდი, შეირჩევა ექსპლანტის ტიპი, მასტერილებელი ნივთიერებების ბუნება, კონცენტრაცია და ექსპოზიციის დრო. კულტივირებული ექსპლანტებიდან კვირტების პროლიფერაციისა და მიკროკლონური გამრავლების ოპტიმიზირებისა და დაფესვიანებისთვის საჭირო ჰორმონთა კონცენტრაციები. მივიღეთ Actinidia deliciosa (L) -ს  მიკროკლონები  კოლბაში.

სამეცნიერო თვასაზრისით პროექტის შესრულების შედეგად აქტინიდიაზე მიღებული შედეგები მცირედი მოდიფიცირებით თავისუფლად შეიძლება იქნეს გამოყენებული ნებისმიერი ეკონომიკურად მნიშვნელოვანი, ელიტური თუ გადაშენების გზაზე მყოფი სახეობების გამრავლებისათვის.  სწორედ in vitro კულტურის მეთოდების უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მიიღება მიკროფლორისაგან თავისუფალი, გაჯანსაღებული და იმუნურად გაუმჯობესებული, n-რაოდენობით მცენარე-რეგენერანტი, ამავე დროს იგი  უზრუნველყოფს არსებული ელიტური ნიშან-თვისებების შენარჩუნებას თაობიდან თაობაში სომატური გამრავლების ფონზე. დაფესვიანებული  მცენარეების ბუნებაში  ადაპტირდების ალბათობა ძალიან მაღალია.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა