ინოვაციური პროექტების კომერციალიზაციის აუცილებლობის მიზნით მნივნელოვანია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესწავლა და ანალიზი. როგორც განვითარებული ქვეყნების გამოცდილებით ცნობილია, საინოვაციო პოლიტიკაში სახელმწიფო არის მთავარი ინვესტორი, რომელიც ფულს აბანდებს განათლებაში, ზოგადად კვლევებსა და ასევე მისი შედეგების რეალიზაციაში, რომელიც გულისხმობს სიახლეებზე ორიენტირებული სახელმწიფო დაკვეთების, გრანტებისა და პროექტების განხორციელებას.
ნებისმიერი ინოვაციური პროექტის მთავარი მიზანი მისი კომერციალიზაციაა, თუმცა ამისათვის მნიშვნელოვანია: საპატენტო უფლებების დაცვის მექანიზმის გაუმჯობესების მიზნით ქვეყანაში მიღებული კანონმდებლობის რეალურად ამოქმედება; სამეცნიერო სფეროს დაინტერესებისა და სტიმულირების ღონისძიებების კომლექსური დამუშავება და კოორდინაცია; კერძო სექტორსა და განათლების სისტემას შორის კავშირის გაღრმავება; ცნობიერების გაზრდა და ინოვაციების კუთხით მეტი დაინტერესება; უკვე განხორციელებულ პროექტებზე მონიტორინგი მისი შემდგომი განვითარებისა და ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ხოლო კრიზისის შემთხვევაში მათთვის სათანადო საკონსულტაციო დახმარების გაწევა.
საქართველოში ინოვაციური პოლიტიკის სრულყოფის და განვითარების მიზნით მნიშვნელოვანია კერძო სექტორსა და განათლების სისტემას შორის კავშირის გაღრმავება, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის ინოვაციური პოლიტიკის წარმატებულ რეალიზაციას და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის განვითარებას.
უკან |