13 ივნისი 2022 წელი
6-10 ივნისს, პორტუგალიის ქალაქ პორტოში, პორტოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, გაიმართა სასწავლო ვიზიტი ,,erasmus+”-ის საგრანტო პროექტის „საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით - HEIn4“ ფარგლებში. ვიზიტი ითვალისწინებდა პარადიგმა 4.0 კონცეფციის განვითარებისთვის ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პორტოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (ISEP - IPP, Portugal), მინიოს უნივერსიტეტისა (University of Minho,Portugal) და სინგაპურის ნანიანგის უნივერსიტეტის (Nanyang Technological University - Singapore) ბელგიის და გერმანიის უნივერსიტეტების წარმატებული პრაქტიკა საგანმანათლებლო პროგრამებში ინდუსტრია 4.0 კონცეფციის ინტეგრირების, მრეწველობის განვითარებაში უნივერსიტეტების როლისა და პარტნიორი უნივერსიტეტების წარმატებული პროექტების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ უნივერსიტეტის ლაბორატორიებსა და სასწავლო ცენტრებს, გათვალისწინებული იყო გაცნობითი ტური სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში (INEGI - Institute of Science and Innovation in Mechanical and Industrial Engineering). ვიზიტის მონაწილეებს ჩაუტარდათ სემინარი წარმატებული მენეჯმენტისა და გუნდის მართვის საკითხებზე.
ვიზიტის დასკვნითი დღე მიეძღვნა საკოორდინაციო შეხვედრას, სადაც განხილული იყო პროექტის მიმდინარეობის ძლიერი და სუსტი მხარეები, დაიგეგმა შემდგომი აქტივობები.
ბათუმის უნივერსიტეტიდან ვიზიტში მონაწილეობდა პროექტის მენეჯერი და მკლევარი, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა თურმანიძე, ამავე ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი გიორგი იმნაიშვილი (ტექნიკური პერსონალი, მკვლევარი) და პროექტის მკვლევარი, ადმინისტრაციული პერსონალი, ასოცირებული პროფესორი ნანა მაზმიშვილი.