6 ივნისი 2025 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი ქართული უნივერსიტეტია, რომელიც ბავშვის უფლებათა წამყვანი ევროპული აკადემიური ქსელის CREAN (Children’s Rights European Academic Network) წევრი გახდა. ბსუ-მ ბავშვის უფლებათა ევროპულ აკადემიურ ქსელში (CREAN) გაწევრიანების განაცხადი მიმდინარე წლის აპრილში წარადგინა.
ოფიციალურად, წევრობა 6 ივნისს, საბერძნეთის ქალაქ პატრაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე: „აკადემიური საზოგადოების როლი ბავშვის უფლებების განვითარებაში“ ქსელის კოორდინატორმა რობერტა რუგიერომ, მისასალმებელ სიტყვაში მიულოცა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს და აღნიშნა, რომ ბსუ პირველი ქართული უნივერსიტეტია, რომელიც ამ პრესტიჟულ ქსელში გაწევრიანდა.
აერთიანებს ევროპის 30-ზე მეტ წამყვან უნივერსიტეტს, რომლებიც თანამშრომლობენ ბავშვის უფლებების სწავლებისა და კვლევის მიმართულებით.
კონფერენცია გაიმართა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საბერძნეთის ოფისის ორგანიზებით. ბსუ-ს დელეგაციას, რომელსაც ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა თურმანიძე, ბსუ-ს ბავშვის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ლელა თავდგირიძე და ასისტენტ-პროფესორები: მაია ბოლქვაძე და გიორგი ქათამაძე წარმოადგენდნენ, პირადად მიულოცეს მნიშვნელოვანი წარმატება UNICEF საბერძნეთის წარმომადგენელმა და ბსუ-ს საპატიო დოქტორმა ღასან ხალილმა, საქართველოს ელჩმა საბერძნეთში ლევან ბერიძემ და CREAN-ის კოორდინატორმა რობერტა რუგიერომ და წარმატებები უსურვეს.
ეს წარმატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციისა და ბავშვის უფლებების დაცვისა და განათლების ხელშეწყობის მიმართულებით. ბსუ-ს ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას და მუდმივ წინსვლას ვუსურვებთ.