
ბსუ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს კონკურენტული ინოვაციის ფონდის საგრანტო პროექტს #CIF-2-2024-03 – „საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი შემუშავება და განხორციელება დისტანციური ლაბორატორიების გამოყენებით“. პროექტის ფარგლებში პროექტის განმახორციელებელი პერსონალი და მკვლევარები 30 მაისს ესტუმრნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერიმენტში ჩართულ ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტებს და პროფესორებს.
შეხვედრის მოდერატორი გახლდათ პროექტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან იმნაიშვილი.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ: სტუ–ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, “კონკურენტული ინოვაციების ფონდის” ადმინისტრირების ერთეულის ხელმძღვანელი ანა გომელაური.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი იზოლდა ჯაბნიძე, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ასოცირებული ნანა მამულაძე, „კომპიუტერული მეცნიერების“ საგანმანათლებო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მიხეილ დონაძე, უნივერისტეტის სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამირან შარაძე.
შეხვედრაზე განხილული იქნა დისტანციური სწავლების აქტუალური საკითხები, ისაუბრეს დისტანციური სწავლების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე პროექტის მკვლევარებმა სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს წარუდგინეს ლაბორატორიული დანადგარების ფიზიკური ეგზემპლიარები, რამაც გამოწვია დიდი დაინტერესება. შეხვედრა გაიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში. მკვლევარებმა ამომწურავი პასუხები გასცეს სტუდენტთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს.
შეხვედრაზე თვალშისაცემი იყო სტუდენტებში სწავლისადმი მოტივაციის ზრდა, რაც გამოწვეულია სასწავლო პროცესში ახალი სასწავლო კურსების შემოტანით და მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით.
შეხვედრის პარალელურად საგრანტო პროექტის ფარგლებში ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტზე 209-ე ოთახში გაიხსნა დისტანციური სწავლების ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და მოემსახურება სტუდენტებს და სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესს.