11 აგვისტო 2023 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიგიტალურ ქართველოლოგიაში ბათუმის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დასრულდა. ბათუმის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ქართველოლოგიაში ციფრულ ეპოქაში ქართველოლოგიური მეცნიერებების გამოწვევებს, მეთოდებს, ტექნოლოგიებსა და რესურსებს მიეძღვნა. ლექციები და ვორკშოპები მიეძღვნა ამ სფეროში დაგროვილ მიღწვებს ქართული ენის ეროვნულ კორპუსს, ქართული ენის მორფოლოგიური სინთეზის პროგრამულ უზრუნველყოფას, „ვეფხისტყაოსნის“ პარალელურ კორპუსს, ბსუ ლინგვოკულტუროლოგიურ არქივს, დიგიტალურ კოდიკოლოგიას, კომპიუტერულ ლექსიკონებს და ქართულ ხელოვნურ ინტელექტს.
სკოლის მსმენელებმა სასერტიფიკატო მოხსენებებში წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, რომლებიც აღნიშნული რესურსების გამოყენებით მომზადდა.
სტუდენტების მოხსენებებში დასმული არაერთი საკითხი მომავალ ქართველოლოგიურ კვლევებს დაედება საფუძვლად და ითვალისწინებს დიგიტალური კოდიკოლოგიის ვებგვერდის მომზადებას, ფოლკლორისტულ კვლევებში ციფრული მეთოდების გამოყენებას და ქართული ენის მორფოლოგიური სინთეზის პროგრამის ინტეგრირებას ეროვნულ კორპუსთან.
საზაფხულო სკოლის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.