განათლების ფაკულტეტი

გარდაიცვალა ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი იური ბიბილეიშვილი

სურათი

გარდაიცვალა ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი,  ცნობილი  მეცნიერი, პედაგოგიკურ და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, საზოგადო მოღვაწე და კრიტიკოსი იური ბიბილეიშვილი. პროფესორმა იური ბიბილეიშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პედაგოგიკის მიმართულების განვითარებაში. მკვლევარს გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი ნაშრომი რამდენიმე ენაზე, მათ შორის 10 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო. მან ახლებურად დაამუშავა სწავლების ფუნქციები, ინტელექტუალური განვითარების პედაგოგიური კონცეფცია და სრული  განათლების თეორია.

იური ბიბილეიშვილი დაიბადა 1935 წლის 1 ნოემბერს სამტრედიის რაიონის სოფელ ჯიხაიშში. 1955 წელს დაამთავრა ბათუმის ამიერკავკასიის რკინიგზის 25-ე საშუალო სკოლა და იმავე წელს გახდა შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტი.
სტუდენტობის პერიოდში  (9 მარტი, 1956 წელი) საჯაროდ გამოხატა პროტესტი ქართველი ხალხის მიმართ ,,ველიკორუსული“ დამოკიდებულების წინააღმდეგ, რის გამოც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გათავისუფლებულმა წარმატებით დაასრულა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ხულოს რაიონის ღორჯომის საშუალო სკოლაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში, ბათუმის № 6 საშუალო სკოლაში, ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს.


1977 წლიდან ბატონი იური შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლებში მოღვაწეობდა ჯერ ასისტენტის და მასწავლებლის, 1983 წლიდან - დოცენტის, შემდეგ ასოცირებული პროფესორის, ხოლო 2008 წლიდან უნივერსიტეტის სრული პროფესორის რანგში. იყო განათლების ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, სტუდენტების უფროსი მეგობარი, ლექტორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენციების და მრავალი საინტერესო ღონისძიების წამომწყები. მისი ინიციატივით პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრაზე დაარსდა ხელნაწერი ალმანახი „მოძღვარი“, რომელშიც ქვეყნდებოდა სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა წერილები და ნარკვევები.

2009-2010 წლებში  იური ბიბილეიშვილი ხელმძღვანელობდა პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტს. იგი  იყო არა ერთი საკანდიდატო თუ სადოქტორო დისერტაციის მეცნიერ-ხელმძღვანელი, ოპონენტი და ექსპერტი. 
 პროფესორ იური ბიბილეიშვილის მეცნიერული ინტერსების სფერო მოიცავდა დიდაქტიკის, აღზრდის თეორიის, პედაგოგიკის ისტორიის, ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკის საკითხებს.


მისი კვლევის გამორჩეული მიმართულებაა გამოჩენილი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის იან ამოს კომენსკის ცხოვრება და მოღვაწეობა. სწორედ ამ თემაზე 1981 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1997 წელს კი - სადოქტორო დისერტაციები.  ბატონმა იურიმ უკვე პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, დაიცვა მეორე სადოქტორო დისერტაცია ქართულ ფილოლოგიაში. როგორც გამორჩეული ხელწერის მქონე ფილოლოგმა შექმნა ლიტერატურული კრებულები: ,,ლიტერატურული წერილები“, ,,დრამატურგების ქალაქი“, ,,ცხოვრების საზრისი“, ,,ცხოვრების შუაგულში“, ,,სული უკვდავი“ (2 ტომად), ,,ნექტრით სავსე ფიალა“ და მრავალი სხვა.

1992 წელს ჩეხეთის ეროვნულმა კრებამ დააჯილდოვა საპატიო სიგელითა და ი.ა. კომენსკის მედლით. 1995-1999 წლებში ი.ბიბილეიშვილი არჩეული იქნა საქართველოს მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრად. 1999 წელს მიენიჭა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. 1995 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმა დააჯილდოვა საპატიო სიგელით.
1999 წლიდან 2004 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს. 

2001 წელს აირჩიეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის წევრად, იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის რესპუბლიკური საბჭოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე. 

ბატონი იური გახლდათ მწერალთა კავშირის წევრი, ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურიატი (2011 წ.). 2005 წლიდან იყო ენციკლოპედია ,,აჭარის“ ხელოვნების განყოფილების მთავარი რედაქტორი; 2008 წლიდან - ბსუ-ს სამეცნიერო შრომების პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის სექციის თანარედაქტორი. პროფესორმა იური ბიბილეიშვილმა წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ  მეცნიერებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში. მისი ნათელი ხსოვნა დიდხანს დარჩება კოლეგებსა და მეგობრებში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა