ენათმეცნიერი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე გარდაიცვალა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს  ცნობილი ენათმეცნიერის,  პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო.    

მრავალმხრივი და ნაყოფიერი იყო მისი სამეცნიერო საქმიანობა.  1992 წელს ქუთაისში, სწორედ მისი თაოსნობით დაფუძნდა „ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“. იგი იყო ახალციხეში თსუ ფილიალის და ქართული ენის კათედრის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ასევე, საფუძველი ჩაუყარა ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმს - „ქუთაისური საუბრები" და სამეცნიერო ჟურნალის -“ქართველური მემკვიდრეობა“ გამოცემას.  ტარიელ ფუტკარაძის ინიციატივით გამოდიოდა გაზეთები „ქართული“ და „ქუჯი“. 1996 წელს დააარსა ქართული ენის სახელმწიფო პალატის ქუთაისის სამმართველო. გამოქვეყნებული აქვს ენათმეცნიერული ხასიათის 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის, მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები) და  პუბლიცისტური წერილები.

პროფ. ტარიელ ფუტკარაძე ქართველოლოგიის არაერთ პრობლემურ საკითხს იკვლევდა. დიდია მისი ღვაწლი ტაო-კლარჯეთისა და ფერეიდნელი ქართველების მეტყველების, ყოფისა თუ კულტურის შესწავლის საქმეში.

ბატონ ტარიელს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და მათ შორის  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მისი ხელმძღვანელობით 2015 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა XXXV დიალექტოლოგთა რესპუბლიკური სამეცნიერო სესია, ხოლო 2019 წლის აპრილში უნივერსიტეტში ჩატარდა  მისი წიგნის „ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“ წარდგენა.

ბატონი ტარიელ ფუტკარაძე იყო პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე აქვს ხელი მოწერილი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა