საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მაღალი სტანდარტების შესაბამისი გამომცემლობა, რომელიც შეიქმნა 2007 წელს, როგორც ბსუ-ს ადმინისტრაციის დამხმარე სტრუქტურული ერთეული. გამომცემლობის ძირითადი ამოცანაა უნივერსიტეტში ხარისხიანი სწავლებისა და სამეცნიერო კვლევების წარმართვის ხელშეწყობა.
გამომცემლობის პრიორიტეტი საუნივერსიტეტო გამოცემებია, შესაბამისად, შემკვეთები ძირითადად უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტებია. გამომცემლობა ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე, ეწევა კომერციულ საგამომცემლო საქმიანობას.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგამომცემლო საქმიანობას საფუძველი ჩაეყარა 1997 წელს, როდესაც გაიხსნა საუნივერსიტეტო სტამბა - მცირე მასშტაბის პოლიგრაფიული საწარმო. 2017/2018 წლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ბსუ-ს ჩართულობით განხორციელდა სტამბის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის განახლება. დღეისათვის მომხმარებელს შეუძლია მაღალი პოლიგრაფიული მომსახურების მიღება.
გამომცემლობის ფუნქციებია:
ა) უნივერსიტეტის საგამომცემლო საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია საქართველოს კანონმდებლობის, ბსუ-ს საგამომცემლო საქმიანობის მარეგულირებელი წესისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) ბსუ-ს საგამომცემლო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ბსუ-ს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესისათვის საჭირო სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის (სახელმძღვანელო, ლექციების კურსი, დამხმარე სახელმძღვანელო, მონოგრაფია, სამეცნიერო ჟურნალი, ლექსიკონი, ატლასი, ალბომი, ცხრილები და სხვა) გამოსაცემად მომზადება;
გ) ბსუ-ს საგამომცემლო საქმიანობის მარეგულირებელი წესის შესაბამისად, ქართულ ენაზე თარგმნილი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესისათვის საჭირო უცხოური სასწავლო ან/და სამეცნიერო ლიტერატურის (სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო, ლექციების კურსი, სამეცნიერო ლიტერატურა - შემდგომში - ,,პუბლიკაცია“) გამოსაცემად მომზადება;
დ) დამკვეთთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ანაზღაურებადი სარედაქციო და საგამომცემლო საქმიანობის (არასაუნივერსიტეტო) განხორციელება;
ე) გამოსაცემი პროდუქციისთვის (ნაშრომის, წიგნის და სხვა) საერთაშორისო საგამომცემლო პრეფიქსის (ნომრის) და საგამომცემლო ნიშნის მინიჭების მიზნით საჭირო ქმედების განხორციელება, ასევე, ბსუ-ში გამოცემული პუბლიკაციისთვის (სასწავლო - სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო, ლექციების კურსი და სამეცნიერო ლიტერატურა) ბსუ-ს გრიფის მინიჭება (ბსუ-ს ლოგო და წარწერა - ,,გამომცემლობა ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“);
ვ) ბსუ-ს საგამომცემლო საქმიანობის მარეგულირებელი წესის შესაბამისად, ბსუ-ს საუნივერსიტეტო საგამომცემლო საბჭოს საქმისწარმოების კოორდინირება, მათ შორის, გარე რეცენზირების განმახორციელებელ პირზე შრომის ანაზღაურების გაცემის შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
ზ) ბსუ-ს მიერ გამოცემული ნაშრომების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება, ბსუ-ს საგამომცემლო საქმიანობის მარეგულირებელი წესის შესაბამისად;
თ) ბსუ-ში გამოცემული ნაშრომის ეგზემპლარების საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ISBN-ის, ISMN-ისა და ISSN-ის განყოფილებისთვის გაგზავნის ორგანიზება (ISBN - წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნომრის და ISSN-სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომრის მინიჭების მიზნით) და შესაბამისი სამსახურებრივი ბარათის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
ი) საქართველოს კანონმდებლობით ან/და უნივერსიტეტის მართვის ორგანოთა სამართლებრივი აქტებით/დავალებებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
გამომცემლობა უფლებამოსილია გამოსცეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო -კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული ლიტერატურა, კერძოდ:
ა) სამეცნიერო ლიტერატურა (მათ შორის ნათარგმნი), ლექსიკონები, ცნობარები, დარგობრივი ლიტერატურა;
ბ) სასწავლო ლიტერატურა: სახელმძღვანელოები, დამხმარე სახელმძღვანელოები, სალექციო კურსები;
გ) პერიოდული გამოცემები: კრებულები, სტუდენტური და დარგობრივი სამეცნიერო ჟურნალები, კონფერენციების მასალები, თეზისები;
დ) ყველა სახის ელექტრონული გამოცემები - პერიოდული, დარგობრივი, შემეცნებითი;
ე) საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე განახორციელოს კომერციული გამოცემები: თანამედროვე ლიტერატურა, ალბომები და გზამკვლევები, მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, ქართული კლასიკური ტექსტები, ნათარგმნი მხატვრული ლიტერატურა, საბავშვო წიგნები და სხვა.
უკან |