რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მეორე სხდომა მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს 30-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობენ.  შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გახსნეს.

ორდღიან კონფერენციაზე საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები განიხილავენ საკითხებს უნივერსიტეტის თავისუფლებისა და აკადემიური თავისუფლების შესახებ, უნივერსიტეტების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრასა და უნივერსიტეტთაშორისი კომუნიკაციის უზრუნველყოფაზე. აგრეთვე,  მიიღებენ გადაწყვეტილებას რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. 2019 წელს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის პირველ თავმჯდომარედ კონფერენციის წევრებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე აირჩიეს.

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია 2019 წლის ივლისში დაფუძნდა. კონფერენცია იზიარებს ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის „Magna Charta Universitatum” ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა, უნივერსიტეტების ავტონომიურობა, ევროპული და ეროვნული ჰუმანისტური ტრადიციების გაზიარება, სწავლების და კვლევის ინტეგრაცია და სხვა. ეს არის ერთგვარი პლატფორმა, სადაც რექტორები მსჯელობენ უმაღლესი განათლების გამოწვევებზე,  განიხილავენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს და აჯერებენ პოზიციებს განათლების რეფორმებთან მიმართებაში.

რექტორთა მსგავსი გაერთიანება მრავალ ევროპულ ქვეყანაში არსებობს.  

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა