ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 62 სტუდენტი სასწავლო პრაქტიკით გერმანიაში მიემგზავრება. ახალგაზრდებს პროექტში გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნიკა ჩხარტიშვილმა.
საერთაშორისო პრაქტიკა გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამული დაფინანსების საფუძველზე ხორციელდება. სტუდენტები 3 თვის განმავლობაში პრაქტიკას გერმანიის მაღალი კლასის სასტუმროებში გაივლიან და გაეცნობიან სასტუმროს ყველა ძირითადი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციონირებას. პრაქტიკის განმავლობაში, გერმანული მხარე სრულად უზრუნველყოფს სტუდენტების ღამისთევას, კვებას და სტიპენდიას (400 ევროს ოდენობით). ახალგაზრდები თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, ჩაერთვებიან სასტუმროს ყოველდღიურ საქმიანობაში, გაიუმჯობესებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და კომპეტენციებს, რაც მათ მომავალში, საერთაშორისო ტურისტული მომსახურების ბაზარზე წარმატებით დასაქმების საშუალებას მისცემს.
გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2013 წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ტურიზმის ფაკულტეტი ყოველწლიურად, გაზაფხულის სემესტრის ბოლოს, ორგანიზებას უწევს ტურიზმის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის (მათ შორის ,,დამატებითი სპეციალობის“/,,minor”) სტუდენტების გერმანიის ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციებში საწარმოო პრაქტიკის გავლას.
სტუდენტების შერჩევა კონკურსის წესით განხოციელდა, სადაც მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას და ინგლისური/გერმანული ენის ცოდნას. აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს მათი რაოდენობა გაორმაგდება.
2021 წლის ზაფხულში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამული დაფინანსებით (80 000 ლარი), განხორციელდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 62 სტუდენტის საერთაშორისო პრაქტიკა. სტუდენტების გერმანიაში გამგზავრება კოვიდუსაფრთხოების წესების დაცვით დაგეგმილია სამ ეტაპად - 15 ივლისი (29 სტუდენტი), 1-ლი აგვისტო (18 სტუდენტი), 10 აგვისტო (15 სტუდენტი).
2013-2019 წლების განმავლობაში საწარმოო პრაქტიკა გერმანიაში ბსუ-ს 600-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.
უკან |