ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბსუ-ს ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, ეკოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის ნინო ლომთათიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, მეგობრებსა და საუნივერსიტეტო საზოგადოებას.
ნინო ლომთათიძე ნაყოფიერ პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და თავისი სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს. მისი აკადემიური საქმიანობა და კვლევის სფერო მუდამ დაკავშირებული იყო გარემოსთან, ის აქტიურად მუშაობდა ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი განათლების ამაღლების თვალსაზრისით, უძღვებოდა სასწავლო და პრაქტიკულ კურსებს გამოყენებითი ეკოლოგიის მიმართულებით - ანთროპოეკოლოგია, გარემოს ეკოლოგიური მონიტორინგი, ეკოლოგიური სამართალურთიერთობები და სხვა. ის იყო ასევე, 3 სახელმძღვანელოსა და 90-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.
ნინო ლომთათიძე დაიბადა 1961 წლის 1 ივნისს ქალაქ ბათუმში. მან 1977 წ. დაამთავრა ბათუმის პირველი საშუალო სკოლა, ხოლო 1978-1983 წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ბიოლოგიის სპეციალობით. 1986–1996 წლებში ნ. ლომთათიძე მუშაობას იწყებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ბოტანიკური ბაღის უფროს მეცნიერ-თანამშრომელად. ამავე პერიოდში მან გაიარა ჩაის, სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების ასპირანტიურის კურსი, 1995 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ბიოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
ქალბატონი ნინო 1996 წლიდან მუშაობას იწყებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის თავდაპირველად, დაინიშნა სამედიცინო ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ, ხოლო 1997 წლიდან დღემდე უნივერსიტეტში იყო ბიოლოგიის კათედრის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი, 2007–2009 წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასოფლო–სამეურნეო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, 2009 წლიდან საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის, ბიოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, ხოლო 2014 წლიდან დღემდე ასოცირებული პროფესორი.
ქალბატონი ნინო ყოველთვის იყო ენერგიული, აქტიური, უანგარო, სტუდენტების ჭირისა და ლხინის გამზიარებელი, ავლენდა მაღალ პროფესიონალიზმს, შემოქმედებითობას, ლიდერულ, აღმზრდელობით, პედაგოგიურ უნარებ-ჩვევებს, გამოირჩეოდა პრინციპულობითა და ძლიერი ხასიათით. მიუხედავად ამისა, მას გაუჭირდა ვერაგ დაავადებასთან გამკლავება. განუზომელია ქალბატონი ნინოს დანაკლისი ჩვენი უნივერსიტეტისთვის, ქალაქისთვის.
უკან |