7-14 აგვისტოს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბათუმის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ქართველოლოგიაში (მეთოდები, ტექნოლოგიები, რესურსები) ჩატარდება. საზაფხულო სკოლა ქართველოლოგიური მეცნიერებების გამოწვევებს ციფრულ ეპოქაში – მეთოდებს, ტექნოლოგიებს და რესურსებს ეძღვნება. საზაფხულო სკოლის მონაწილეები გაეცნობიან დიგიტალური ქართველოლოგიის ჩამოყალიბების ისტორიას, არსსა და საფუძვლებს; მიიღებენ ცოდნას დიგიტალური ქართველოლოგიის ძირითად მიმართულებებში, გაეცნობიან ქართული ენის ანალიზისა და სინთეზის პროგრამებს, კომპიუტერული ლექსიკოგრაფიის პრინციპებსა და მეთოდებს, ქართული ენისათვის მანქანური სწავლების გამოყენების პროგრამულ უზრუნველყოფებს.
თეორიული ცოდნის შეძენის გარდა, საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას, ქართული ენისათვის შექმნილი ტექნოლოგიების გაცნობასა და მათი გამოყენების უნარ-ჩვევების შეძენას. ბათუმის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის პროგრამა ოთხ მიზნობრივ ჯგუფზე არის ორიენტირებული და დაეხმარება სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) დიგიტალური ჰუმანიტარიის მეთოდების, ტექნოლოგიებისა და რესურსების ათვისებაში, ხოლო უფროსკლასელებს – პროფესიულ ორიენტირებაში.
საზაფხულო სკოლა ინტერდისციპლინურ პროგრამას შესთავაზებს მსმენელებს: თეორიულ ბლოკში ლექციებს წაიკითხავენ გერმანიასა და საქართველოში მოღვაწე დარგის ექსპერტები და სპეციალისტები, რომელთა ლექციები მიეძღვნება:
- დიგიტალური ჰუმანიტარიის, დიგიტალური ქართველოლოგიის, დიგიტალური რუსთველოლოგიის, დიგიტალური ლექსიკოგრაფიის, კორპუსლინგვისტიკისა და თარგმანმცოდნეობის უახლეს მიღწევებს;
- ქართველოლოგიური კვლევის თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს;
- მანქანური სწავლების გამოყენებას ქართული ენისათვის პროგრამული პროდუქტების შესაქმნელად;
- ციფრული ქართველოლოგიის სფეროში შექმნილ რესურსებს (ქართული ენის ეროვნულ კორპუსს, „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების პარალელურ კორპუსს, ბათუმის ლინგვოკულტუროლოგიურ დიგიტალურ არქივს);
- ქართული ხელნაწერების გეოგრაფიასა და დიგიტალური დოკუმენტირების მეთოდებს;
- პოლიტიკური ზეპირმეტყველების დისკურსის ანალიზის ძირითად პრინციპებსა და ინსტრუმენტებს.
სეზონური სკოლის მონაწილეთა შერჩევის მექანიზმი:
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და სკოლის მოსწავლეებს (უფროსკლასელებს).
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა: https://shorturl.at/ruV16
განცხადის წარდგენის ბოლო ვადააა 25 ივნისი, 18:00 საათი.
საზაფხულო სკოლის დეტალური პროგრამა იხილეთ ლინკზე:
https://adh.ge/batumi-international-summer-school-in-digital-georgian-studies-ge/
საზაფხულო სკოლა აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდება.
უკან |