ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ,,ავსტრიულ ლიტერატურულ შაბათ-კვირას ბათუმში“ უმასპინძლა. პროექტი მეორე წელია საქართველოში ავსტრიის საელჩოს ორგანიზებით იმართება და მისი მიზანია საქართველოში ავსტრიული კულტურის, ხელოვნებისa და ლიტერატურის პოპულარიზაცია. ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე ავსტრიის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში თომას მიულმანმა ახალი სამენოვანი სასწავლო პლატფორმა - www.berta-von-suttner.net წარადგინა, რომელიც მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი ქალის, ბერტა ფონ ზუტნერის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ზუტნერების ოჯახის საქართველოში გატარებულ წლებს ასახავს და მრავალფეროვან მულტიმედია რესურსს სთავაზობს მომხმარებელს.
ლიტერატურული პროექტის ფარგლებში, საქართველოში მოქმედი 8 ,,ავსტრიული კუთხის“ წარმომადგენლებმა ავსტრიის სხვადასხვა ფედერალური მიწა, თითო ავსტრიელი ავტორი და მისი ერთი ნაწარმოები წარადგინეს. ბსუ-ს ,,ავსტრიული კუთხიდან“ ქეთევან ჩოგაძემ მონაწილეებს კერნტენის მიწისა და გერტ იონკეს რომანის ,,Redner um die Uhr“ შესახებ მოუთხრო და შთაბეჭდილებები გაუზიარა.
ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის ელჩმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს საჩუქრად ავსტრიელი ავტორების უახლესი გამოცემები გადასცა. ბსუ-ს ,,ავსტრიული კუთხე“ მდიდარი წიგნადი ფონდით (ოთახი 64) მრავალფეროვან ჟანრობრივ და თემატურ არჩევანს სთავაზობს გერმანულენოვანი ავტორებით, თანამედროვე ავსტრიული ლიტერატურით დაინტერესებულ მკითხველს.
უკან |