ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოტოგამოფენა „იაპონიის ატომური დაბომბვა“ გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროშიმისა და 1945 წლის 9 აგვისტოს ნაგასაკის დაბომბვის შედეგის ამსახველი ფოტონამუშევრები, გადარჩენილ ადამიანთა წერილობითი და ვიდეოჩანაწერები. გამოფენის ფარგლებში სტუდენტებისთვის ასევე მოეწყო ორიგამის წეროების ვორკშოფი. ფოტოგამოფენა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ატომური დაბომბვის მსხვერპლთა ნაგასაკის მშვიდობის ეროვნული მემორიალური დარბაზის ორგანიზებით გაიხსნა და 18 თებერვლამდე გაგრძელდება.
მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იაპონიის ქალაქებში, ჰიროშიმასა და ნაგასაკიში, ჩამოაგდო 2 ატომური ბომბი, რომლებმაც მყისიერად გაანადგურა ორივე ქალაქი და შეიწირა 200 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე, ხოლო მრავალი ათასი სიცოცხლის ბოლომდე იტანჯებოდა ატომური დაბომბვის შედეგად მიღებული დაზიანებებით. იაპონიის მთავრობამ ატომური ბომბის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად და ატომური დაბომბვით შექმნილი საშინელი რეალობის გასაცნობად ჰიროშიმასა და ნაგასაკიში დააარსა ატომური დაბომბვის მსხვერპლთა მშვიდობის ეროვნული მემორიალური დარბაზები, რომლებიც მარადიული მშვიდობის მემორიალის როლს ასრულებს. 2005 წლიდან ატომური დაბომბვის მსხვერპლთა ნაგასაკის მშვიდობის ეროვნული მემორიალური დარბაზის ინიციატივით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწყობა ფოტოგამოფენები, რათა მთელ მსოფლიოს შეატყობინონ ატომური დაბომბვით მიღებული ზარალის შესახებ და მოუწოდონ მსოფლიოს ატომური იარაღის გარეშე მშვიდობიანი სამყაროს შექმნის აუცილებლობაზე. გამოფენები უკვე გაიმართა 13 ქვეყნის 24 ქალაქში.
იაპონიაში წერო იღბლიან ფრინველად ითვლება. უძველესი პერიოდიდან იაპონელები ორიგამის წეროებს აკეთებდნენ, რათა ღმერთებს მათი სურვილები შეესრულებინათ.
მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ჰიროშიმაში ჩამოაგდეს ატომური ბომბი. დაბომბვის მსხვერპლი იაპონელი გოგონა რადიაციით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებით დასნეულდა. ტკივილისგან შეწუხებულმა გადაწყვიტა, 1000 ქაღალდის წეროს გაკეთება. მას სწამდა, რომ თუ ამას გააკეთებდა, ღმერთები განკურნავდნენ. სამწუხაროდ გოგონა გარდაიცვალა, თუმცა ეს ფაქტი საყოველთაოდ ცნობილი გახდა და ორიგამის წერო მშვიდობის სიმბოლოდ იქცა. ამჟამად არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც ქაღალდის წეროებს მშვიდობისთვის სალოცავად აკეთებენ.
უკან |