ბსუ საერთაშორისო პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი" ფარგლებში გამართულ საერთაშორისო საზაფხულო სკოლას „ინტერსექტორული თანამშრომლობა, ტექნოლოგიების ტრანსფერი და ინოვაცია“ მასპინძლობს. სამდღიანი საზაფხულო სკოლა გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი" აღმასრულებელი დირექტორი თამარ სანიკიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი მურთაზ დევაძე და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) პროფესორი ტატიანა ფუმასოლი.
საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს ადრეული კარიერის მკვლევრებისა (მაგ. დოქტორანტები, პოსტდოქტორანტები და მკვლევრები დოქტორის ხარისხის მინიჭებიდან 5 წლის განმავლობაში) და აკადემიური პერსონალის მომზადებას კვლევის მართვისა და ინოვაციის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით. ძირითადი ამოცანაა ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის შესაძლებლობების გაძლიერება, მათი კვლევითი სტრუქტურების, პროცესებისა და შედეგების ხარისხის გაუმჯობესება.
ბსუ ჩართულია საერთაშორისო პროექტში „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი" (პროექტის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ სანიკიძე). I2Q პროექტი, რომელსაც აფინანსებს მსოფლიო ბანკი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საკონსულტაციო კომპანიასთან-UCL Consultant თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი ხელს შეუწყობს საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო თანამშრომლობას, ახალი ცოდნის გენერირებას/გაზიარებასა და შექმნის ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტების შესაბამისად შერჩეულ სფეროებში სწრაფი განვითარების შესაძლებლობას.
საერთაშორისო პროექტის (I2Q) აქტივობები თანხვედრაშია განათლებისა და მეცნიერების ეროვნულ სტრატეგიასთან და მიმართულია საერთაშორისო კვლევით ცენტრებსა და უნივერსიტეტებთან პარტნიორობის დამყარებაზე, უნარებისა და კომპეტენციის გაძლიერებაზე, სასწავლო-სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებაზე, შრომის ბაზართან კავშირების ხელშეწყობაზე, ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლებაზე, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობაზე.
სამომავლოდ დაგეგმილია სამუშაოები სამი ძირითადი მიმართულებით:
1. საერთაშორისო პარტნიორობით ერთობლივი სადოქტორო პროგრამის შემუშავება განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით;
2. მეწარმეობის მოდულისა და დარგობრივი ინგლისური ენის მოდულების შემუშავება საბაკალავრო სწავლებისათვის;
3. ე.წ. International Excellence School – საერთაშორისო სკოლების (ზაფხულის/ზამთრის) ჩატარება, რომელიც გააძლიერებს აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების შესაძლებელობებს საგრანტო პროექტების შემუშავების, ტექნოლოგიების ტრანსფერისა და ინოვაციების, ასევე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მიმართულებით.
პირველი საზაფხულო სკოლა თსუ-ში ჩატარდა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბრიტანულ უნივერსიტეტში, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო Excellence School-ი ჩატარდა. ღონისძიების თემატიკა მოიცავდა განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით შემდეგ საკითხებს: საპროექტო შეთავაზებების შემუშავება საგრანტო კონკურსებისათვის, საკონკურსო პროექტების მართვის საუკეთესო პრაქტიკები და საკონკურსო პროექტების ფინანსური ასპექტები.
საზაფხულო სკოლა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მხარდაჭერით იმართება.
უკან |