აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საჯარო უნივერსიტეტების სტუდენტური კლუბების წევრებს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდებს აჭარაში განხორციელებული და დაგეგმილი საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული, საინვესტიციო პროექტები გააცნო და მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა. სტუდენტურ კლუბებთან გამართულ შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ნიკა ჩხარტიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში ესწრებოდნენ.
სტუდენტური კლუბები უნივერსიტეტების ბაზაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა და მიზანს ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა წარმოადგენს. კლუბების წევრებს შესაძლებლობა აქვთ შეხვედრები გამართონ მათთვის სასურველ ცნობილ სახეებთან – პოლიტიკოსებთან, სპორტსმენებთან, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან.
11 სტუდენტური კლუბი საჯარო უნივერსიტეტების ასობით სტუდენტს აერთიანებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მიმოიხილეს აჭარის რეგიონის განვითარების დინამიკა ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის მიმართულებები.
უკან |