გარდაიცვალა ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი გული შერვაშიძე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ემერიტუს-პროფესორის - გული შერვაშიძის - გარდაცვალების გამო. პროფესორი გული შერვაშიძე ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფილოსოფიის, განათლების ფილოსოფიის აქტუალური საკითხების შესწავლაში. იგი 1994-2004 წლებში იყო ბათუმის შოთა რუთაველის სახელმწიფო უნვერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, 2009-2022 წლებში - ბსუ-ს პროფესორი, 2001-2003 და 2013-2022 წლებში - აკადემიური საბჭოს წევრი, განათლებისფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე და პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

პროფესორი გული შერვაშიძე ასევე გახლდათ საერთაშორისო საზოგადოება „საქართველოს ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისთვის“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე და 2001-2003 წლებში - აჭარის ა.რ. სოციალური დაცვის, შრომის და დასაქმების მინისტრი.

გული შერვაშიძე დაიბადა 1948 წლის 9 მაისს, ქედის რაიონის სოფელ ოქტომბერში. ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გაიარა ასპირანტურის კურსი „ეთიკის, ესთეტიკისა და კულტურის თეორიის“ სპეციალობით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1989 წელს დაიცვა  საკანდიდატო დისერტაცია - „ხელოვნებისა და ადამიანის ურთიერთობის პრობლემა“ კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიენიჭა ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი ფილოსოფიაში.  

პროფესორ გული შერვაშიძის მისი სამეცნიერო ინტერესის სფერო იყო: XX საუკუნის ფრანგული ფილოსოფიის საკითხები, განათლების ფილოსოფია; ხელოვნებისა და ადამიანის ურთიერთობის პრობლემა; ექსისტენციალიზმი; ეთიკა, ესთეტიკა, კულტურის თეორია; ფილოსოფიის ისტორია; სოციალური ფილოსოფია; ლიდერობის ხელოვნება. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მონოგრაფია,  სამეცნიერო ნაშრომები, კითხულობდა ლექციების კურსებს: ფილოსოფია, ესთეტიკა, ლიდერობის ხელოვნება, პედაგოგიური ეთიკა. იყო არაერთი საერთაშორისო ფორუმისა და კონფერენციის მონაწილე.

ქალბატონი გული იყო საუკეთესო სპეციალისტი, ყველა თაობის სტუდენტთა უსაყვარლესი ლექტორი, კოლეგებისათვის მისაბაძი და ანგარიშგასაწევი პიროვნება. მისი ხსოვნა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის განუყოფელი ნაწილი იქნება და ყოველთვის დიდი პატივისცემითა და სიყვარულით გავიხსენებთ.

ქალბატონი გულის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის, ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სტუდენტებს, კოლეგებსა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა