ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან შექმნილი „შავი ზღვის რეგიონში მეცნიერებისა და აკადემიური კულტურის გავრცელების კვლევითი ცენტრის“ ინიციატივით, გაიმართა ღია ლექცია თემაზე: „გაცვლის გლობალური ქსელები: კავკასია ფოტოგრაფიის ისტორიაში“. ლექცია წაიკითხა გრაცის უნივერსიტეტის პროფესორმა დომინიკ გუტმაიერ-შნურმა, რომლის კვლევის ინტერესის სფეროა აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის ისტორია, განსაკუთრებით ვიზუალური ანთროპოლოგია. მონაწილეები გაეცნენ კავკასიის ფოტო-ხელოვნების უნიკალურ ნიმუშებს, სადაც პირველად იქნა დაფიქსირებული საქართველოსა და კავკასიის სხვა კუთხეები.
დომინიკ გუტმაიერ-შნური და მისი პედაგოგი, ბსუ-ს საპატიო დოქტორი კარლ კასერი 12 წელზე მეტია უნივერსიტეტის პარტნიორები არიან ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში როგორიცაა, ,,Horizon-2020“ და ,,FP7“. ვიზიტის ფარგლებში, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეხვდა ბათუმის ,,Horizon Europe”-ის საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის კოორდინატორს შოთა როდინაძეს და დაინტერესებულ პირებს.
უკან |