გარდაიცვალა ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი გურამ ჩაგანავა

სურათი

ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მეცნიერისა და მრავალი თაობის აღმზრდელის, ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ემერიტუს-პროფესორის, გურამ ჩაგანავას გარდაცვალების გამო. დიდია ბატონი გურამის ღვაწლი ქართული ფსიქოლოგიური სკოლის განვითარებაში, მის სახელს უკავშირდება  უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის მიმართულების ჩამოყალიბება, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განხორციელება, დღესაც ფსიქოლოგია წარმოადგენს ერთ-ერთ მოთხოვნად სპეციალობას და ყოველწლიურად მაღალი კონკურენციის პირობებში კომპლექტდება.

პროფესორი გურამ ჩაგანავა ავტორია ოთხი მონოგრაფიისა: „განწყობის ფსიქოლოგიის აქტუალური პრობლემები“; „ისტორიული და სოციალური ფსიქოლოგიის აქტუალური პრობლემები“; „აპროპრიაციის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები“; „შიშის ფსიქოლოგია“. მისი რამდენიმე სტატია ეძღვნება ენათმეცნიერებისა და ისტორიის საინტერესო პრობლემატიკას.

წარმატებულ სამეცნიერო-კვლევით მუშაობასთან ერთად, ბატონი გურამი იყო შესანიშნავი ლექტორი და პიროვნება. იგი კითხულობდა სალექციო კურსებს ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგში, სისტემატიურად მონაწილეობდა ადგილობრივ  და საერთაშორისო კონფერენციებში, რედაქტორობდა პერიოდულ გამოცემას - „ფსიქოლოგიური გამოკვლევები“, იყო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და პედაგოგიკის დარგის სპეციალიზირებული საბჭოს წევრი და უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის ხელმძღვანელი.

პროფესორი გურამ ჩაგანავა დაიბადა 1941 წლის 25 დეკემბერს სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. 1964 წელს ჩაირიცხა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენის, ლიტერატურისა და ინგლისური ენის სპეციალობაზე, რომელიც დაამთავრა 1969 წელს. 1981 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, 1982 წლიდან - შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში (ახლანდელ უნივერსიტეტში).

გურამ ჩაგანავას საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები ეძღვნება სოციალური ფსიქოლოგიის საკითხებს. მან 1995 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „აპროპრიაციის ფსიქოლოგიის პრობლემები“. 2000 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალობით. 2009 წლიდან 2021 წლამდე იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის სრული პროფესორი. 2010 წლიდან 2021 წლამდე ხელმძღვანელობდა სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტს. 2021 წლიდან იყო ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ემერიტუს-პროფესორი.

ბატონი გურამის გარდაცვალება დიდი დანაკლისია არამარტო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, არამედ ქართული ფსიქოლოგიური სკოლისთვის. ვუსამძიმრებთ ოჯახს, კოლეგებსა და საუნივერსიტეტო საზოგადოებას. ბატონი გურამის სახელი ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიაში დაუვიწყარი იქნება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა