
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით, მეექვსე საერთაშორისო კვირეული გაიხსნა. უნივერსიტეტს კვირეულის ფარგლებში 12 უნივერსიტეტის 20-ზე მეტი წარმომადგენელი ეწვია.
მონაწილეებს ბსუ-ს რექტორი, ტიტე აროშიძე, აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი, ,,ერაზმუს+“-ის ეროვნული ოფისის დირექტორი საქართველოში, მარიამ სულაშვილი, რექტორის მოადგილეები: თამარ სირაძე და მერაბ ხალვაში, ასევე სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, მარინე გიორგაძე მიესალმნენ.
5 დღის განმავლობაში საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების პარტნიორი ქვეყნების -პოლონეთის, ბულგარეთის, გერმანიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ჩეხეთის, სლოვენიის, საფრანგეთის, ისრაელის, მალტის, ლიეტუვას, საბერძნეთის - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, აკადემიურ პირებთან, სტუდენტებთან. გაეცნობიან უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას, გამართავენ პრეზენტაციებს იმ უნივერსიტეტების შესახებ, რომელსაც წარმოადგენენ.
12 ივნისს, კვირეულის ფარგლებში, გაიმართება ტრენინგი „ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების (ორმაგი დიპლომები) შექმნის საკითხებზე.
კვირეული „ერაზმუს+“-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ტარდება და მიზნად ისახავს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, ბსუ-ს პოპულარიზაციას, ერთობლივი საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.
უკან |