
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორი ანზორ დევაძე და აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტუტუტის მემბრანული ტექნოლოგიების განყოფილების უფროსი რაულ გოცირიძე ბსუ-ს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ბსუ-ს საპატიო ჯილდოთი - შოთა რუსთაველის მედლით დაჯილდოვდნენ.
აკადემიური საბჭოს სხდომაზე, უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ ანზორ დევაძესა და რაულ გოცირიძეს საიუბილეო თარიღი მიულოცა და შოთა რუსთაველის სახელობის მედალი გადასცა.
პროფესორი ანზორ დევაძე ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორი და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მას საქართველოში და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია და 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, არის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი, სხვადასხვა მეცნიერული გამოცემების სამეცნიერო საბჭოსა და სარედაქციო კოლეგიის წევრი.
რაულ გოცირიძე არის მემბრანული ტექნოლოგიის განყოფილების უფროსი. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტს. არის 85-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და მონოგრაფიის ავტორი, მონაწილეობა აქვს მიღებული 50-ზე მეტ საერთაშორისო ღონისძიებაში, მიღებული აქვს 11 საავტორო მოწმობა, 5 პატენტი. მოპოვებული აქვს 1 საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული ფონდის 5 სამეცნიერო გრანტი, რისთვისაც გადაეცა მთავრობის ჯილდოები და მედალი, ბსუ-ს სიგელები. რაულ გოცირიძე 2015 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვდა ღირსების მედლით.
უკან |