
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბსუ-სა და ფრანკფურტის უნივერსიტეტის, ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ასევე დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის ერთობლივი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების კვლევა ციფრულ ეპოქაში - მეთოდები, ინსტრუმენტები, სტრატეგიები“ გაიხსნა.
საზაფხულო სკოლა 11-16 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტისა და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის (მათ შორის: თსუ-ს, საქართველოს, ქართულ-ამერიკული, ქუთაისის აწსუ-ს, სამხრეთ ჯავახეთის) სტუდენტები.
სეზონური სკოლა მიზნად ისახავს სტუდენტთათვის აკადემიური ცოდნის გადაცემას ჰუმანიტარული მეცნიერების ახალ დარგში, პოლიტიკურ ლინგვისტიკაში. სეზონური სკოლის პროგრამით გათვალისწინებული ლექციები საშუალებას მისცემს საგანმანათლებლო სფეროს სამივე საფეხურის სტუდენტებს გაეცნონ პოლიტიკური ზეპირმეტყველების კვლევის თანამედროვე მეთოდებს, ინსტუმენტებსა და სტრატეგიებს ციფრულ ეპოქაში.
სკოლის პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს სტუდენტებში პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებას და გამოუმუშავებს პოლიტიკური ტექსტების პროფესიული ანალიზის უნარ-ჩვევებს. სეზონური სკოლის პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს. პრაქტიკულ ნაწილში სკოლის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ თავად გააანალიზონ პოლიტიკური ტექსტები და კვლევის შედეგები წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით, რაც დაეხმარება მათ საკუთარი უნარ-ჩვევების შეცნობასა და გაუმჯობესებაში.
სეზონური სკოლის თეორიული ნაწილში დაგეგმილია ლექციები, რომლებსაც წარუძღვებიან: მარიამ ყამარაული - ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის დოცენტი, ჰამბურგის უნივერსიტეტის ხელნაწერთა კულტურების კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი (სეზონური სკოლის ხელმძღვანელი);
მანანა თანდაშვილი - ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი, კავკასიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მზია ხახუტაიშვილი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი(სეზონური სკოლის ხელმძღვანელი);
რუსუდან პაპიაშვილი - სტუ-ს ასოცირებული პროფესორი, თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი.
ნანა ცეცხლაძე - ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი;
ანა მდინარაძე (დემოკრატიის ინდექსი საქართველოში);
ლევან ქათამაძე (საია);
თამარ ომიაძე - ფილოლოგიის დოქტორი, ტრენერი;
თათია ცეცხლაძე (ბსუ) – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
ანასტასია ყამარაული - ბსუ-ს დოქტორანტი.
ასევე გაიმართება დისკუსიები, ჯგუფური და ინდივიდუალური პრეზენტაციები, დებატები და სხვ.
სეზონური სკოლის ფარგლებში დაგეგმილია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „მანიპულაციის ენობრივი საშუალებები ქართულ პოლიტიკურ ზეპირმეტყველებაში“ წარდგენა.
პრაქტიკულ ბლოკში მონაწილეებს შეეძლებათ მასალების ჯგუფური მოპოვება და დამუშავება პრაქტიკული მეცადინეობის ჩასატარებლად (ვიდეომასალების სელექცია/კლასიფიკაცია), ასევე მასალის დამუშავება ELAN-ში. ვიდეო-, აუდიო- და ტექსტური რესურსების დამუშავება, ELAN-ში გადატანა (EAF ფაილების შექმნა), მეტამონაცემების ბანკის შექმნა. პრაქტიკულ ბლოკში ასევე დაგეგმილია მოპოვებული ტექსტების ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზი. სეზონურ სკოლაში მიღებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მონაწილეები წარმოადგენენ სტუდენტური საკვალიფიკაციო პრეზენტაციების სახით.
უკან |