მაკრო წყალმცენარეების კვლევა პროექტის „MACRO CLEAN" ფარგლებში შავი ზღვის სანაპიროზე

სურათი

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ) ახორციელებს პროექტს MACRO CLEAN (მაკროწყალმცენარეების ყვავილობის კვლევა, გაწმენდის მეთოდოლოგია, ეკონომიკური ვალორიზაცია და საპილოტე გამოყენება), რომლის მიზანია არსებული პრობლემის შემცირება და გარემოსდაცვითი და ეკონომიკური სარგებლის მიღება წყალმცენარეების მდგრადი გამოყენების გზით.

პროექტის ფარგლებში, ბსუ ატარებს მაკროწყალმცენარეების სიღრმისეულ კვლევას შავი ზღვის რეგიონში, სტანდარტიზებული პროტოკოლებითა და მონაცემთა მართვის ეფექტური პრაქტიკით. კვლევას აქვს 3 ძირითადი ამოცანა:

  • საზღვაო გარემოს ხარისხის ფიზიკური და ქიმიური ინდიკატორების შეფასება;
  • აჭარის შავი ზღვის სანაპირო წყლების ევტროფიკაციის დონის შეფასება;
  • საქართველოს საზღვაო ტერიტორიის დაბინძურების დონის შეფასება.

შავი ზღვის სანაპირო წყლების სტატუსის შესასწავლად, დადგინდა 7 კვლევითი სადგური, სადაც ჩატარდა ქიმიური და ბიოლოგიური დაკვირვებები (შეთანხმებული ინდიკატორების საფუძველზე). ეს სადგურებია: ფოთი (მდინარე მალთაყვის შესართავი), ციხისძირი, მწვანე კონცხი, ბათუმი (ახალი ბულვარის ტერიტორია), გონიო, კვარიათი, სარფი.

კვლევის დროს ადგილზე ჩატარებული სამუშაოები მოიცავდა:

  • ჰიდროქიმიური პარამეტრების (T, pH) კვლევას;
  • წყლის სინჯების აღებას გახსნილი ჟანანგბადისა და BOD-ის დასადგენად;
  • წყლის სინჯების აღებას ქლორიდების, სულფატების, საერთო ტუტეობის, სიხისტის, TSS-ის დასადგენად;
  • წყლის სინჯების აღებას საკვები ნივთიერებების (ამიაკი, ნიტრიტი, ნიტრატი, ფოსფატი) დასადგენად;
  • წყლის სინჯების აღებას ორგანული დამაბინძურებლების (პესტიციდები) დასადგენად;
  • წყლის სინჯების აღებას ქლოროფილის შესასწავლად.

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე კლდოვანი ჰაბიტატების ეკოლოგიური სტატუსის შესაფასებლად, 2025 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში ჩატარდა მაკროფიტების ჯგუფების კვლევა. სინჯები შეგროვდა მონიტორინგის სადგურებიდან: სარფი, კვარიათი, გონიო, მწვანე კონცხი, ციხისძირი, ფოთი და მალთაყვა. ეს ადგილები ხასიათდება კლდოვანი და ქვიანი სანაპიროებით და ექვემდებარება ანთროპოგენური ზემოქმედების სხვადასხვა ხარისხს.

ჰიდრობიოლოგიური სინჯები აღებული იქნა 1-დან 5 მეტრამდე სიღრმეზე (იზობათებზე) აკვალანგის გამოყენებით და პერიფიტონის ჩარჩოს (1მ x 1მ) გამოყენებით. 2025 წელს სულ შეგროვდა მაკროფიტობენტოსის 10 ჰიდრობიოლოგიური ნიმუში. განხორციელდა მათი დამუშავება, სახეობების იდენტიფიცირება და მორფო-ფუნქციური ინდექსების გამოთვლა.

ჰიდრობიოლოგიური სადგურები სარფსა და მწვანე კონცხზე გამოირჩევა მაკროფიტების სახეობრივი მრავალფეროვნებით. სულ სარფის კლდოვან სანაპიროებზე გამოვლინდა 12 სახეობა, სადაც დომინანტი სახეობაა Cystoseira barbata, რომელიც წყლის ხარისხის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ამ ადგილზე დაფიქსირებული სხვა სახეობებია: Dermocorynus dichotomus, Scytosiphon lomentaria და Vertebrata subulifera.

ამის საპირისპიროდ, ციხისძირის სანაპიროზე შედარებით დაბალი სახეობრივი მრავალფეროვნება დაფიქსირდა და სულ 7 სახეობა იქნა იდენტიფიცირებული. კვლევისთვის მკვლევართა ჯგუფის მიერ შეგროვდა Cystoseira barbata, ვინაიდან მისი ბიომასა უფრო ხელმისაწვდომი იყო.

კვლევითი პროცესი გაგრძელდება 2025 წლის შემოდგომის, 2026 წლის ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდებში. შეჯამდება საბოლოო მონაცემები და გამოქვეყნდება კვლევის დეტალური შედეგები.

MACRO CLEAN (მაკროწყალმცენარეების ყვავილობის კვლევა, გაწმენდის მეთოდოლოგია, ეკონომიკური ვალორიზაცია და საპილოტე გამოყენება), ხორციელდება შავი ზღვის აუზის ტერიტორიაზე ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის Interreg NEXT პროგრამის ფარგლებში, რომლის ეროვნული ორგანოა ევროკავშირის საქმეთა დირექტორატი. პროექტის პარტნიორები არიან: სინოპის უნივერსიტეტი (თურქეთი) – წამყვანი პარტნიორი, მარმარას მუნიციპალიტეტების გაერთიანება (თურქეთი), ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), შუმენის უნივერსიტეტი (ბულგარეთი).

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა