
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ გაიხსნა. წელს ბსუ დაარსების 90 წლის იუბილეს და 90-ე სტუდენტთა მიღებას აღნიშნავს. პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან, აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძესთან ერთად მიულოცა. რექტორმა სტუდენტებს პროფესიული და პიროვნული განვითარება უსურვა, უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობები გააცნო და სტუდენტური ცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
- „გისურვებთ ყველაზე მთავარს - თქვენი დამოუკიდებლობის რეალურ დაწყებას. უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეგიქმნათ სწავლისთვის, განვითარებისთვის და კომფორტისთვის საუკეთესო გარემო. აქ დაგხვდებათ მეგობრული, ინკლუზიური სივრცე, სადაც ისწავლით არა მხოლოდ საგნებს - არამედ ისწავლით თანადგომას, სირთულეებთან გამკლავებას და ურთიერთობებს. სტუდენტთა 90-ე მიღება ჩვენთვის სიმბოლურია - ეს ახალი ძალისა და ნდობის მტკიცებულებაა, რომელსაც ახალგაზრდები გვაძლევენ. უნივერსიტეტი ახალ თაობას კვლავ ღირსეულად ხვდება და მომავალს მათთან ერთად ქმნის“.
საზეიმო ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ 100%-იანი გრანტის მქონე პირველკურსელები და ის პირველსემესტრელი სტიპენდიატები, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციისას პირველ ადგილზე აირჩიეს ბსუ და მესამე სავალდებულო არჩევით საგანში მიიღეს მაღალი ქულა. ასევე, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, 100%, 70% და 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი ბსუ-ს 130 პირველკურსელი მიიღებს 2000, 1000 და 500 ლარის ოდენობის ერთჯერად ფინანსურ სტიპენდიას.
2025-2026 სასწავლო წლისთვის ბსუ-ში ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხვის უფლება 1632-მა ბაკალავრმა და 216-მა მაგისტრმა მოიპოვა. 400-მდე პირველკურსელი ბსუ-ს 12 პრიორიტეტულ პროგრამაზე ისწავლის, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული. საბაკალავრო პროგრამების შევსების მაჩვენებელი გასული წლების მსგავსად 90%-ს აღემატება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ რჩება ერთ-ერთ მოთხოვნად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად და აბიტურიენტთა მოთხოვნის მიხედვით, საქართველოს უნივერსიტეტების ხუთეულშია.
ბსუ-ს ათი მოთხოვნადი პროგრამაა: ფსიქოლოგია, სამართალმცოდნეობა, ქართული ფილოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება, სტომატოლოგია, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, ისტორია, რომანული ფილოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, ინგლისური ფილოლოგია.
უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 7 300 სტუდენტი სწავლობს, მათ შორის 750-მდე უცხოელი.
უკან |