ბათუმის II საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ბათუმის II საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში. სამდღიანი სიმპოზიუმის მუშაობაში ჩართული არიან საქართველოს თითქმის ყველა უნივერსიტეტისა და სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენლები, ცნობილი მეცნიერები, ლექსიკოგრაფები იტალიიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, ისრაელიდან, შვედეთიდან, პორტუგალიიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. ხუთი სექციის მიმართულებით 150-მდე მოხსენება იქნება წარმოდგენილი ლექსიკოგრაფიის აქტუალურ საკითხებზე. სიმპოზიუმის ფარგლებში საჯარო ლექციებს წაიკითხავენ ცნობილი ქართველი და უცხოელი ლექსიკოგრაფები, გაიმართება დისკუსია მრგვალ მაგიდასთან თემაზე: „ელექტრონული კორპუსები და მათი გამოყენების პერსპექტივები ქართულ ლექსიკოგრაფიაში“.

სიმპოზიუმის მიზანია:
• მოაწყოს დასრულებული და მიმდინარე ლექსიკოგრაფიული პროექტების პრეზენტაცია, გამოცემული ლექსიკონების გამოფენა, ელექტრონული და ონლაინ-ლექსიკონების დემონსტრირება, ახალი იდეების აპრობაცია;
• შეაფასოს ელექტრონული ბაზების შექმნის მიმდინარეობა საქართველოში და მისი გამოყენების პერსპექტივები ქართულ ლექსიკოგრაფიაში;
• განსაზღვროს ლექსიკოგრაფიის შემდგომი განვითარების სტრატეგია და შეიმუშაოს რეკომენდაციები ლექსიკოგრაფიის ეროვნული პროგრამის შექმნისათვის საქართველოში;
• ხელი შეუწყოს ახალი ტიპის ლექსიკონების დანერგვას საქართველოში;
• ხელი შეუწყოს ქართული ლექსიკოგრაფიის ისტორიის საკითხების კვლევას;
• უშუალო დიალოგის შესაძლებლობა მისცეს პროფესიონალ ლექსიკოგრაფებს, პრაქტიკული ლექსიკოგრაფიისა და ლექსიკოლოგიის უახლესი პრობლემების მკვლევრებს, კორპუსზე მომუშავე სპეციალისტებს, გამომცემლებს, ელექტრონულ და ონლაინ-ლექსიკონებზე, ელექტრონულ ბაზებზე მომუშავე პროგრამისტებსა და, ზოგადად, ლექსიკოგრაფია-ლექსიკოლოგიით დაინტერესებულ პირებს.

2010 წელს ბათუმში პირველი ლექსიკოგრაფიული სიმპოზიუმის წარმატებით ჩატარების ლოგიკურ შედეგად უნდა ჩაითვალოს მომდევნო სიმპოზიუმის მონაწილეთა „გეოგრაფიის“ მნიშვნელოვანი გაფართოება (საზღვარგარეთის 10 ქვეყნის მონაწილეობა), რაც მეტყველებს ლექსიკოგრაფიის საკითხებისადმი აშკარად მზარდ ინტერესს. ეს კი საწინდარია ჩვენს ქვეყანაში ამ დარგის ინტენსიური განვითარებისა და იმედისმომცემი პერსპექტივებისა.
ბათუმის წლევანდელ სიმპოზიუმს ლექსიკოგრაფიაში საეტაპო მნიშვნელობას სძენს ლექსიკოგრაფიის სახელმწიფო კომისიის შექმნა, რომელსაც დაევალა ლექსიკოგრაფიის ეროვნული პროგრამის შექმნა. ივარაუდება, რომ კომისია დასახავს კონკრეტულ ამოცანებს ამ მიმართულებით გეგმაზომიერი და მიზანმიმართული მუშაობის გასაშლელად.

სიმპოზიუმის ორგანიზატორები არიან:
• ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტი;
• თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი;
• ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი.
• შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

   საერთაშორისო სიმპოზიუმის პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა