
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებითა და აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება - 2025“ გაიხსნა.
კონფერენცია ბსუ-ს 90 წლის იუბილეს ეძღვნება და მიზნად ისახავს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას, თანამედროვე ეკონომიკური გამოწვევების განხილვასა და მდგრადი განვითარების ინოვაციური მიდგომების გაზიარებას.
კონფერენცია გახსნეს ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა ნათია წიკლაშვილმა, აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ და აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ.
სამეცნიერო კონფერენცია ჰიბრიდულ რეჟიმში ტარდება. პირველ დღეს უახლესი სამეცნიერო კვლევების შესახებ მოხსენებას წარადგენს 150-მდე მკვლევარი საქართველოდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, უზბეკეთიდან, ბულგარეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებიდან. კონფერენცია იმუშავებს შემდეგ სექციებში: ეკონომიკა, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, მარკეტინგი, აღრიცხვა, ანალიზი და აუდიტი, ტურიზმი.
კონფერენციის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით წარსდგნენ სპიკერები:
- ვლადიმერ პაპავა - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
- ჯეიმს რედელშეიმერი - პროფესორი, მინესოტას უნივერსიტეტი, აშშ;
- მიხეილ თოქმაზიშვილი -პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ალტეს უნივერსიტეტი;
- ბადრი გეჩბაია -ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მეორე დღეს კი გაიმართება ცნობილი ამერიკელი ავტორის ჯეიმს რედელშეიმერის პოპულარული სახელმძღვანელოს „მიკროეკონომიკა/მაკროეკონომიკა“ პრეზენტაცია.
კონფერენციას პარტნიორობას უწევს ქართული და უცხოური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიკოლას რომერის უნივერსიტეტი, კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი, ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი, ლატვიის სიცოცხლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შემსწავლელი უნივერსიტეტი, ვროცლავის ეკონომიკის უნივერსიტეტი, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი და საერთაშორისო სამეცნიერო რეცენზირებადი ჟურნალი „ინოვაციური ეკონომიკა და მართვა“. კონფერენციის პარტნიორები არიან აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის სამინისტრო.
უკან |