ტოპონიმი ძეგლი და ძეგლის წმინდა სალოცავის ნაშთები

სურათიმუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის ,,საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა დასახლებებისა და ყოფის კვლევის“ ფარგლებში ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ ჩოხარაძემ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს კლარჯეთში წარმოებული ექსპედიციის აღმოჩენა - ძეგლის წმიდა გიორგის ეკლესია გააცნო. ისტორიული წყაროების მიხედვით, სალოცავი მოხსენიებულია ,,ქართლის ცხოვრებაში“, ჟამთააღმწერლის ასწლოვან მატიანეში, მე–19 საუკუნიდან ნახსენები აქვს არაერთ მკვლევარს, თუმცა ბოლო პერიოდამდე უცნობი იყო მისი არსებობა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010 და 2011 წლების ექსპედიციების წევრებმა (მალხაზ ჩოხარაძე, მამია ფაღავა, ზაზა შაშიკაძე) აღმოაჩინეს, რომ დღემდეა შემონახული ტოპონიმი ძეგლი და ძეგლის წმინდა სალოცავის ნაშთები.

ძეგლი ოპიზის მახლობლადაა, კლარჯეთის იმ სექტორშია, სადაც თავმოყრილია რამდენიმე მონასტერი ,,ათორმეტ სავანეთაგან“. კერძოდ, ოპიზა, მიძნაძორი, ხანძთა, წყაროსთავი, მერე. ძეგლი უშუალოდ ემეზობლება ოპიზას, სამანქანე გზით ძეგლის წმიდა გიორგის ეკლესიიდან ოპიზამდე 11 კილომეტრია. სალოცავი მოქცეულია გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის არეალში. ეკლესიის ადგილმდებარეობა, მისი შემოგარენის ამჟამინდელი ფუნქცია და მასთან დაკავშირებული რწმენა–წარმოდგენები ცხადყოფს, რომ იგი თავის დროზე მნიშვნელოვანი სავანე უნდა ყოფილიყო.

ძეგლის წმიდა გიორგის ეკლესია დიდი ზომის არ უნდა ყოფილიყო. იგი დაახლოებით 40 კვ. მ. ფართობისაა. კედლები ჩამოშლილია, მაგრამ ალაგ–ალაგ ქვების წყობა 2,5 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. ნაგებობა მე–8–9 საუკუნეებისაა, შესაძლოა, უფრო ადრინდელიც. მიმდებარე მიკროტოპონიმიკა ქართულია. ეკლესიის წინ ორი საფლავია, ადგილობრივთა თქმით, შეიდებისა, ანუ წმინდა კაცებისა. კლარჯეთის ამ სექტორში ქართული ენა აღარ ახსოვთ, თუმცა ნიშანდობლივია, რომ არაერთი თქმულება უკავშირდება თამარ მეფეს, წმინდა კაცებს, ბრძოლებს და ა.შ.

ძეგლი ზიარეთია. ზიარეთობის ტრადიცია ასოცირდება წმინდა ადგილების მოლოცვასთან, გარკვეული ვალდებულებების შესრულებასთან, მსხვერპლის შეწირვასთან. წინათ გურჯები ზიარეთში სანთლებსაც ანთებდნენ. დღეს ასეთი რამ აღარ დასტურდება.

საინტერესოა სიტყვა ,,ძეგლის“ ეტიმოლოგია და მისი დაკავშირება აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტებში გავრცელებულ ამავე სიტყვის მნიშვნელობასთან. ტერმინი „ძეგლი“ აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტებში აღნიშნავდა გარკვეულ ვალდებულებას, დანაპირებს და ეს ვალდებულება უნდა აღსრულებულიყო, რაც გულისხმობდა სალოცავზე მისვლას და სათანადო რიტუალის აღსრულებას. „ძეგლი“ უკავშირდება სალოცავს, შესაბამისად, მრავლისმეტყველია, რომ კლარჯეთში ტოპონიმი ძეგლი დასტურდება სწორედ ეკლესიასთან, რომელიც ამავე დროს არის ზიარეთობის ტრადიციასთან დაკავშირებული ადგილი. ამ თვალსაზრისით ძეგლის წმიდა გიორგის იდუმალებით მოცული ეკლესია მრავალი საინტერესო დასკვნის საშუალებას იძლევა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა