
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მონოგრაფიის „მუჰაჯირობიდან მუჰაჯირობამდე“ წარდგინება გაიმართა. მონოგრაფია ეფუძნება მდიდარ წყაროთმცოდნეობით მასალებს საქართველოს (თბილისის, ქუთაისის, ბათუმის) არქივებში დაცულ დოკუმენტებს, პრესის მასალებს, აჭარასა და თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავლებთან საველე ექსპედიციების შედეგად შეკრებილ ინფორმაციას, ისტორიოგრაფიის მონაცემებს.
მონოგრაფიის ავტორები არიან: პროფესორი ჯემალ კარალიძე, პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე, პროფესორი მურმან გორგოშაძე, ისტორიის დოქტორი რევაზ დიასამიძე, ასოც. პროფესორი ნატალია ლაზბა, პროფესორი ლილე თანდილავა, ასისტ. პროფესორი მანანა თავდგირიძე, აკადემიური დოქტორი მარიამ ჩოხარაძე
ღონისძიებაზე ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ მონოგრაფიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაშრომი განსაკუთრებულად ფასეულია, როგორც აკადემიური კვლევის, ისე ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების თვალსაზრისით. წარდგინებას ასევე ესწრებოდნენ რექტორის მოადგილე გიორგი ქათამაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თეონა ბერიძე, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და აჭარაში მცხოვრები აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავლები.
მონოგრაფია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამარჯვებული საგრანტო პროექტის „მუჰაჯირობიდან მუჰაჯირობამდე (აჭარაში დასახლებულ აფხაზთა მუჰაჯირობა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში და მუჰაჯირთა შთამომავლებთან აჭარაში მცხოვრები აფხაზების ურთიერთობის 21-ე საუკუნის რეალობა)“ ფარგლებში გამოიცა.
| უკან |













