
„ჰორიზონტ ევროპის“ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის კოორდინატორმა, შოთა როდინაძემ, ბსუ-ს ფაკულტეტების აკადემიურ პირებთან გამართა სამუშაო შეხვედრების ციკლი, რომელიც მიეძღვნა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის სტრუქტურის, პრიორიტეტებისა და მონაწილეობის მექანიზმების განხილვას.
შეხვედრების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გაეცნო პროგრამის არქიტექტურა, მისი ძირითადი მიმართულებები (Clusters), დაფინანსების ინსტრუმენტები და მიმდინარე საკონკურსო თემები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფაკულტეტების პოტენციურ ჩართულობას პროგრამის თემატურ პრიორიტეტებში, მათ შორის: მდგრადი განვითარება, კულტურული მემკვიდრეობა, ჯანდაცვა, ეკოლოგია, სოფლის მეურნეობა, ტექნოლოგიები, რეგიონული ინოვაცია და საზოგადოებაზე დაფუძნებული განვითარების მოდელები.
დისკუსიის ნაწილში განიხილეს შესაძლო საპროექტო კონცეფციები, საერთაშორისო პარტნიორული ქსელების ფორმირების სტრატეგიები, ასევე განაცხადის მომზადებისა და ინსტიტუციური მხარდაჭერის ეტაპობრივი პროცესი. შეხვედრები გაიმართა კითხვა-პასუხის ფორმატში, რამაც ხელი შეუწყო პროფესორების აქტიურ ჩართულობასა და კონკრეტული პრაქტიკული საკითხების დაზუსტებას - მათ შორის, საკონკურსო კრიტერიუმების, დაფინანსების პირობებისა და ადმინისტრაციული პროცედურების შესახებ.
სამუშაო შეხვედრების გაგრძელება დაგეგმილია მარტის თვეში უნივერსიტეტთან არსებულ სამეცნიერო ინსტიტუტებში, რაც მიზნად ისახავს კვლევითი პოტენციალის სისტემურ ინტეგრაციას ევროპულ საგრანტო სივრცეში.
| უკან |







