
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 10-11 მარტს გაიმართა პროექტის MACRO CLEAN (BSB00584) „მაკრო წყალმცენარებიის კვლევა, დასუფთავების მეთოდოლოგიები, ეკონომიკური ვალორიზაცია და საპილოტე გამოყენება“ პარტნიორების შეხვედრა და ვორქშოფი მკვლევარებისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორები თურქეთიდან, ბულგარეთიდან, საქართველოდან და ადგილობრივი მკვლევრები. პარტნიორებმა წარმოადგინეს თავიანთ ქვეყნებში მიმდინარე კვლევების პირველადი შედეგები, რაც უკავშირდება წყალმცენარეების შესწავლას, მათ გამოყენებას ბიო სასუქის მომზადების პროცესში და ასევე ბიო-პლასტიკის მასალების წარმოებაში. სტუმრებმა დაათვალიერეს ბსუ-ს ლაბორატორია, რომელიც აღიჭურვა პროექტის ფარგლებში შეძენილი თანამედროვე აპარატურით და გაეცნენ წყალმცენარეების გადამუშავების შედეგად მიღებულ ბიო-პლასტიკის პირველად/სატესტო მასალებს.
შეხვედრისას პარტნიორებმა ასევე განიხილეს პროექტის მომდევნო ეტაპზე განსახორციელებელი აქტივობები - სტუდენტების და სხვადასხვა დაინტერესებული პირებისთვის დაგეგმილი ტრენინგები, სანაპიროების დასუფთავების კამპანია, სტამბულში ვორქშოფის და საერთაშორისო კონფერენციის თემატიკა/ფორმატი.
პროექტი მიზნად ისახავს კვლევის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებას წყალმცენარეების ევტროფიკაციაზე ზემოქმედების შესასწავლად, შესაბამისი ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ზღვის მცენარეების ეკონომიკური სარგებლის გაზრდას სასუქებსა და ბიოპლასტიკურ წარმოებაში. ასევე, ცნობიერების ამაღლებას და ამ პროცესში დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის წახალისებას.
პროექტის ფარგლებში წყალმცენარეებზე ტარდება სიღრმისეული კვლევა სტანდარტიზებული პროტოკოლებით და მონაცემთა მართვის ეფექტური პრაქტიკის გამოყენებით. გაუმჯობესდა პარტნიორი უნივერსიტეტების ლაბორატორიები ახალი მოწყობილობების შეძენის გზით და გაძლიერდება მკვლევრების შესაძლებლობები. სასუქებისა და ბიოპლასტიკურ წარმოებაში წყალმცენარეების გამოყენების შეფასების მიზნით მომზადდება ტექნიკურ-ეკონომიკური გეგმები.
პროექტი MACRO CLEAN „მაკრო წყალმცენარებიის კვლევა, დასუფთავების მეთოდოლოგიები, ეკონომიკური ვალორიზაცია და საპილოტე გამოყენება“, ხორციელდება ევროკავშირის თანადაფინანსებით, შავი ზღვის აუზის Interreg NEXT ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. პროექტის პარტნიორები არიან - სინოპის უნივერსიტეტი (თურქეთი) - პროექტის ლიდერი პარტნიორი, მარმარის რეგიონის მუნიციპალიტეტების გაერთიანება (თურქეთი), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), შუმენის უნივერსიტეტი (ბულგარეთი).
| უკან |











