
ბათუმში მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „სპორტული მედიცინა ათლეტთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის“. კონფერენცია საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის, სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის თანაორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს სპორტის სამინისტროსა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
კონფერენციაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ფიზიკური მედიცინისა და სამედიცინო რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, აკადემიურმა პერსონალმა, მოწვეულმა მასწავლებლებმა და კურსდამთავრებულებმა მიიღეს მონაწილეობა.
საერთაშორისო ფორუმი საქართველოს სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეძმარიაშვილმა გახსნა. გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა კონფერენციის მნიშვნელობაზე სპორტისა და სპორტული მედიცინის განვითარების, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების კუთხით. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.
ორდღიანი კონფერენციის მიზანი იყო სპორტსმენის ჯანმრთელობის დაცვის, ტრავმების პრევენციის, რეაბილიტაციისა და სპორტული შესრულების გაუმჯობესების მიმართულებით თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა.
სამეცნიერო კონფერენცია აჭარიდან 80-ზე მეტი მწვრთნელის და სპეციალისტის, ხოლო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 60-ზე მეტი სტუდენტის და აკადემიური პერსონალის პრაქტიკულ სწავლებას და გადამზადებას უზრუნველყოფს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და კლინიკების წარმომადგენლები, ოლიმპიური ნაკრებების ექიმები, მეცნიერები და სპორტული მედიცინის სფეროს სპეციალისტები.
| უკან |




















