
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასშტაბური ,,დასაქმების ფორუმი“ გაიმართა. ფორუმზე რეგიონში მოქმედი 80-მდე კომპანია 300-ზე მეტი ვაკანსიით და 2000-მდე სამუშაო ადგილით იყო წარმოდგენილი.
ფორუმი ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თემურ კახიძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძემ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გახსნეს.
ფორუმი მიზნად ისახავდა შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების დაძლევას და სამუშაოს მაძიებლების, დამსაქმებლების, ასევე უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების პირდაპირი კომუნიკაციის ხელშეწყობას.
სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი კვალიფიკაციისა და დასაქმების სასურველი ხანგრძლივობის შესაბამისად, ადგილზე შეერჩიათ პოზიციები ადმინისტრაციული, მომსახურების, სავაჭრო, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებიდან.
ფორუმის მონაწილეებმა, უშუალოდ დამსაქმებლებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია სამუშაო გარემოს, პირობებისა და კარიერული განვითარების შესახებ.
ფორუმი წარმოადგენს ხელსაყრელ პლატფორმას დამსაქმებლებსა და საგანმანათლებლო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რაც უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების ბაზრის რეალურ მოთხოვნებთან მიახლოებას და მათ განხორციელებაში დამსაქმებელთა ჩართულობის გაძლიერებას.
ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და აჭარის დასაქმების სააგენტოსა ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.
| უკან |



















