
ალექსანდრე (სანდრო) ლაშხი დაიბადა 1945 წლის 4 თებერვალს, ქალაქ თბილისში. მან წარჩინებით დაამთავრა 53-ე საშუალო სკოლა, ხოლო 1968 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი.
1968-1971 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრის კათედრის ასპირანტი. 1972 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ალგებრის განხრით. 1971-1984 წლებში იყო მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1984-1985 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე, ხოლო 1991-2007 წლებში გამოყენებითი მათემატიკის კათედრის გამგე. 1988 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ხოლო 1990 წლიდან იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. 2008-2009 წწ. იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ხოლო 2007-2008 წლებში კი რექტორი.
ალექსანდრე ლაშხი 90-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათგან 3 მონოგრაფიაა, რომელთა ინგლისური ვარიანტები დაიბეჭდა ამერიკის შეერთებულ შტატებში (1985,1986,1996). ა. ლაშხი მიწვეული პროფესორის სტატუსით ახორციელებდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: გერმანია (1983-1984), იტალია (1991-1992,1994, 1991-1997); კანადა (1992-1993), ბელგია (1994,1996).
ალექსანდრე ლაშხის ინიციატივით თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სკოლა-სემინარი გეომეტრიულ ალგებრაში იტალიელი, ინგლისელი, გერმანელი, კანადელი მეცნიერების მონაწილეობით.
ალექსანდრე ლაშხის ხელმძღვანელობით შესრულებულია 24 საკანდიდატო და 3 სადოქტორო დისერტაცია. მისი დიდი შემოქმედებითი მოღვაწეობით, ინგლისელი, გერმანელი და იტალიელი კოლეგების დახმარებით, შეგროვილი იქნა უნიკალური ბიბლიოთეკა, რომლის ღირებულება შეუფასებელია.
ალექსანდრე ლაშხის სამეცნიერო მოღვაწეობა განეკუთვნება გეომეტრიული ალგებრის შესწავლას. მის ნაშრომებში (1988-1999) ბოლომდეა შესწავლილი მესერული ჰომომორფიზმები და არაბიექციური კულინეაციები, უფრო მეტიც მან (1990) შეისწავლა აუცილებელი და საკმარისი პირობები ე.წ. მოდულების ჰემიტროფიზმები, ანუ ისეთი არაბიექციული ასახვები, რომლებიც მხოლოდ გაერთიანების ოპერაციას ინახავენ. 1992-1998 წლებში ა. ლაშხი თავის მოწაფეებთან ერთად სწავლობს აფინური გეომეტრიის ძირითადი თეორემების სამართლიანობას IBN-რგოლებზე და ამტკიცებს თეორემას სრული ზოგადობით. ამ მიმართულებით საყურადღებოა აგრეთვე პროექციული და აფინური გეომეტრიების ავტომორფიზმთა ჯგუფის შესწავლაც. რაც შეეხება შემთხვევას (პერსპექტივები წრფივი ასახვებით + F ტანის იგივური ავტომორფიზმი) ამ მიმართულებით რგოლებისთვის ერთადერთი განზოგადოება ეკუთვნით ა. ლაშხს და თ. კვირიკაშვილს.
ა. ლაშხმა (1988-1997) მთავარ იდეალთა რგოლებისათვის ააგო ე.წ ზოგადი გეომეტრიული მესერები და ამან შესაძლებელი გახადა (იდენტურობის სამკუთხედის) აგება, როგორც რგოლების ფართო კლასისათვის ასევე განზოგადოებული გეომეტრიული მესერების თეორიის შექმნაში. ა. ლაშხის სამეცნიერო მიღწევებს მიეკუთვნება არაერთი მათემატიკური პრობლემის გადაჭრა.
ალექსანდრე ლაშხი ათწლეულის მანძილზე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო მრავალი თაობის აღმზრდელი, მას უყვარდა თავისი ქვეყანა, ერთგულად და უანგაროდ ემსახურებოდა მის მომავალს, ხოლო მის სამეცნიერო კვლევებს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში უდიდესი წონა ქონდა. იგი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით ფართო ერუდიციით, კოლეგებისა და სტუდენტების მიმართ კეთილგანწყობილებით და განსაკუთრებული ადამიანური ღირსებებით. მისი სახელი ჩვენთვის უკვდავი იქნება.
| უკან |
