საზაფხულო სკოლა - „არაცნობიერი გარდამავალ დროში: ძალაუფლება, გაურკვევლობა და იმედი"

სურათი

2026 წლის 1–3 სექტემბერს, საქართველოს ფსიქოანალიტიკური საზოგადოებისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება საზაფხულო სკოლა - ,,არაცნობიერი გარდამავალ დროში: ძალაუფლება, გაურკვევლობა და იმედი".

საზაფხულო სკოლა აკადემიურ-სამეცნიერო ღონისძიებაა, რომლის მიზანია ფსიქოანალიტიკური ცოდნის განვითარება, პროფესიული დიალოგისა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობა. ღონისძიება განკუთვნილია ფსიქოანალიტიკური მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებისა და ფსიქოანალიზის შესწავლით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.

საზაფხულო სკოლაში მოწვეულნი იქნებიან საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ტრენინგ-ანალიტიკოსები იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და თურქეთიდან. სკოლაში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სპეციალისტები და სტუდენტები.

ღონისძიების ერთ-ერთი თანაორგანიზატორია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი დავით ქათამაძე.

სკოლა განკუთვნილია კვალიფიციური ფსიქოანალიტიკოსებისთვის, ფსიქოანალიტიკური კანდიდატებისთვის, ფსიქოანალიტიკურად ორიენტირებული კლინიცისტებისთვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტებისთვის, მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფსიქოანალიტიკური თეორიით, კლინიკური პრაქტიკითა და ფსიქოანალიტიკური განათლებით.

ფსიქოანალიზი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ სოციალური და ფსიქიკური პროცესების გააზრებაში, რომლებიც ხშირად გაუცნობიერებლად მოქმედებენ როგორც ინდივიდებზე, ისე ჯგუფებსა და საზოგადოებაზე. არაცნობიერი მექანიზმები არა მხოლოდ პიროვნულ ტკივილს განსაზღვრავენ , არამედ კოლექტიურ ქცევასა და სოციალურ დინამიკებსაც.

დღეს მსოფლიო ღრმა გარდაქმნების პროცესში იმყოფება. ომები, იძულებითი მიგრაცია, ავტორიტარული ზეწოლა, პოლიტიკური პოლარიზაცია, სწრაფად ცვალებადი სიმბოლური სივრცეები და მზარდი გაურკვევლობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ გარე რეალობაზე, არამედ ინდივიდების, ოჯახების, ინსტიტუციებისა და მთლიანად საზოგადოების არაცნობიერ ცხოვრებაზეც.

როგორ რეაგირებს არაცნობიერი, როდესაც ირღვევა უწყვეტობის განცდა? როგორ ინარჩუნებს ფსიქიკური რეალობა იმედისა და შემოქმედებითობის უნარს მაშინ, როდესაც ნაცნობი სიმბოლური სტრუქტურები იშლება? რა ბედი ეწევა შინაგან ობიექტებს, ფსიქიკურ საზღვრებსა და აზროვნების უნარს გაურკვევლობის პირობებში? სწორედ ეს კითხვები იქნება 2026 წლის ბათუმის საერთაშორისო საზაფხულო ფსიქოანალიტიკური სკოლის განხილვის თემა.

მოწვეული მომხსენებლები არიან საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის (IPA) ტრენინგ ანალიტიკოსები:

  • პროფესორი ლიზა ბარაიცერი (ლონდონი)
  • იაპ უბელსი (ამსტერდამი)
  • ფინარ პადარი (ანკარა)

საქართველოს ფსიქოანალიტიკური საზოგადოებისა და საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების წევრებთან ერთად ისინი განიხილავენ ძალაუფლების, ტრავმის, გაურკვევლობისა და იმედის არაცნობიერ განზომილებებს ლექციების, კლინიკური დისკუსიების, კლინიკური სუპერვიზიებისა და ინტერდისციპლინური დიალოგის ფორმატში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემდეგ თემებს:

  • ომის, მიგრაციისა და კოლექტიური ტრავმის არაცნობიერ ასპექტებს;
  • ავტორიტეტის, ძალაუფლებისა და ინსტიტუციური დინამიკის კავშირს მესამის, ანუ მამის ფუნქციასთან;
  • დედობას, ჩვილობისა და ბავშვობის გამოცდილებას გაურკვევლობის პირობებში;
  • მოსაზრდობის ასაკის არსებითი სირთულეებს სექსუალობის, სირცხვილისა და ეროტიკის ველში.“
  • დონალდ ვინიკოტის გარდამავალი სივრცისა და გარდამავალი ფენომენების კონცეფციების თანამედროვე კლინიკურ გამოყენებას;
  • ფსიქოანალიტიკურ ეთიკას სწრაფი პოლიტიკური და სოციალური ცვლილებების პირობებში;
  • იმედის, შემოქმედებითობისა და ფსიქიკური უწყვეტობის შენარჩუნებას კრიზისის დროს;
  • ფილმის ჩვენებას და ფსიქოანალიტიკურ კინოდისკუსიას.

ბათუმის საზაფხულო სკოლა აგრძელებს საქართველოში საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური დიალოგის ტრადიციას და ქმნის სივრცეს, სადაც სხვადასხვა ფსიქოანალიტიკური ტრადიციისა და კულტურული გამოცდილების მქონე კლინიცისტები ერთმანეთს შეხვდებიან, გამოცდილებას გაუზიარებენ და საერთაშორისო პროფესიულ თანამშრომლობას გააღრმავებენ. სამეცნიერო პროგრამის გარდა, მონაწილეებს ექნებათ არაფორმალური პროფესიული ურთიერთობის, დისკუსიისა და ახალი საერთაშორისო კავშირების დამყარების შესაძლებლობა.

გაიცემა უწყვეტი პროფესიული განათლების (CE) კრედიტები და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები საათების მითითებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა