
ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია იმართება თემაზე: „ ქრისტიანული საქართველოს 1700 წელი“.
სამეცნიერო კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, პროფესორმა ჯემალ კარალიძემ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესმდივანმა, წმ. გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ტაძრის წინამძღვარმა, ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის რექტორმა, დეკანოზმა ილია ხინიკაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
კონფერენციაში 34 ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობს. სამეცნიერო სესია ორი სექციის მიმართულებით მუშაობს:
- ქართული ეკლესიის ისტორია;
- ეკლესია, სახელმწიფო და კულტურა.
ღონისძიების ფარგლებში შედგა მალხაზ ჩოხარაძის ფილმის,,ამბავი თორმეტი სავანისა“ ჩვენება.
ორდღიანი კონფერენციის მიზანია, ქართული და უცხოური წერილობითი წყაროების, ახალი საარქივო მასალების, პრესისა და მემუარული ცნობების საფუძველზე, არსებული ისტორიოგრაფიული მონაცემების გათვალისწინებით საქართველოში ქრისტიანული სარწმუნეობის ქადაგება-გავრცელებისა და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების წინაპირობების შესწავლა და შედეგების წარგდენა.
ქრისტიანული სარწმუნოების როლის განსაზღვრა ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის, დაცვა-განვითარებისა და ეროვნული იდენტობის ფორმირების პროცესში, მართლმადიდებლობის როლის ასახვა ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარების საქმეში; ქართველ წმინდანთა ცხოვრებისა და ღვაწლის შესწავლა და პოპულარიზაცია; ქართული ეკლესიის როლის წარმოჩენა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის გაძლიერებისა და დაცვისთვის ბრძოლაში.
კონფერენციაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობენ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის (სომხეთი), სუმის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის (უკრაინა) წარმომადგენლები.
კონფერენციის მეორე დღე დაეთმობა მაღალმთიანი აჭარის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას.
| უკან |



















